შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთი ყველაზე სუფთა რეგიონად დასახელდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 19 იანვარი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულად და ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა.

კონკურსი ჩატარდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა.
ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1357 სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით ირიცხება 333.
„კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე გამოავლინა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჟურნალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2018 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი, ხოლო ნომინაციაში “იურიდიული პირის ეზო”- თელავში ღვინის კომპანია GWS დასახელდა’’,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია