შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერიიდან სავარაუდოდ, 1 643 197 ლარი გაიფლანგა - ექსპერტიზის დასკვნა

ეკონომიკა
 21 იანვარი 2019
გამოცემა “ქუთაისი თუდეიმ” გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შოთა მურღულიას მერობის პერიოდში, სოციალური საცხოვრისის მოწყობაზე ბიუჯეტიდან დაუსაბუთებლად  1.6 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა.

შედეგად ქუთაისის მერიას დიდძალი ოდენობით ფინანსური ზარალი მიადგა. საქმე ნიკეას ქუჩა 40-ში მდებარე ობიექტის სოციალურ საცხოვრისად გადაკეთებას ეხება. 

2016 წლის 11 ივლისს ქუთაისის მერიის მიერ შპს ,,სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის“ კუთვნილი შენობის რეკონსტრუქციისა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაგეგმარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში შპს “სანომ” გაიმარჯვა. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 9 მარტის N628 ბრძანებით, “სანოს” მიერ რეკონსტრუირებული შენობა - საერთო ფართით 5035,88კვ.მ. ჩაბარებულ იქნა. მიღება-ჩაბარების აქტით, “სანომ“ მერიას ჩააბარა 2506,11 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართები 1 კვ.მ 989,4393 ლარად, სულ 2 473 598,25 ლარის ღირებულების. 

სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, აღნიშნული შენობა (რომელიც თავის დროზე აგებული იყო კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტისათვის), სოციალურ საცხოვრისად გადაცემის პროცესში ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ჩვეულებრივი ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40ბ-ში მდებარე უძრავი ქონების, სოციალური საცხოვრისის კუთვნილ შენობაში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სოციალური საცხოვრისში ფაქტიურად გადაცემული ფართი არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული გადაცემული ფართების რაოდენობას. მიღება-ჩაბარების აქტებით სულ გადაცემული იყო 4 636,6 კვ.მ ფართი, საიდანაც ანაზღაურებადი ფართი შეადგენს 4378,61 კვ. მეტრს. ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ რეალურად გადაცემული საცხოვრებელი ფართები შეადგენს 4 037,78 კვ.მ-ს , ანუ 341,22 კვ.მ-ით ნაკლებს. ამასთან, სოციალური საცხოვრისის კუთვნილ შენობაში 1 კვ.მ ფართის ფასი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე შეადგენს 540 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური საცხოვრისის შენობის რეალური ფასი შეადგენს (4 037,78*540) 2 180 401,2 ლარს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,სანოს“ გადაუხადა 3 823 598,25 ლარი, ანუ 1 643 197,05 ლარით მეტი. საცხოვრებელ ბინებში უნდა მოწყობილიყო ლოჯიები, თითოეულ ბინაზე 1,92 კვ.მ ფართით, რაც არ არის გაკეთებული. ლოჯიების მოწყობის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 129 275 ლარს. ენერგოდამცავი ტექნოლოგიების სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 153 013 ლარს, რაც არ არის ნაწარმოები.
წყარო : BM.GE
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია