შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 იანვარი 2019
ახალციხეში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრთან სამი ღამეა მანქანაში სძინავს ნინოწმინდიდან ჩამოსულ სარვარ ოგანესიანს. ამბობს, რომ თუ იანვრის ბოლომდე მანქანის შემოწმებას ვერ შეძლებს, დაჯარიმდება, ამიტომ იძულებულია –12 გრადუს ყინვაში რიგში იდგეს.„ხუთი მანქანით ჩამოვედით, არ ვიცი დღეს მოგვიწევს თუ არა ტექდათვალიერების გავლა. ყველაზე მეტი ჯავახეთიდან ვართ, ახალციხის გარდა მსგავსი ცენტრი არსად არ არის, ასე როგორ შეიძლება!“ – ამბობს სარვარ ოგანესიანი.ორი დღეა რიგში დგას ასპინძელი მარადი აბაშიძეც: „სქელი ადიალო მაქვს წამოღებული და იმას ვიფარებ, რომ არ გავიყინო. ღამით ახლობლებთან ვრჩები, დღე რიგში ვდგავარ. მანქანა მწყობრშია და იმედი მაქვს, რომ ტექდათვალიერებას წარმატებით გავივლი, მაგრამ ცენტრამე ვერ მივაღწიე იმხელა რიგებია“. „ხომ იცოდა მთავრობამ, რომ ტექდათვალიერება ყველა მანქანას შეეხებოდა, რატომ არ იზრუნეს ამ საკითხზე და რატომ არ დაამატეს მსგავსი ცენტრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც?! ეს რიგები უფრო გაიზრდება, ახლა მოიყვანენ იმ მანქანებს ვისად ტექდათვალიერების ვადა თებერვლამდე და მარტამდე აქვს“, – ამობობს ახალციხელი აკაკი ზაზაძე. ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ხარისხის მენეჯერის საშა ზედგინიძის განცხადებით, აღნიშნული ცენტრი მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტზეა გათვლილი, პრობლემაც ამიტომ შეიქმნა: „ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან არიან ჩამოსულები, უარს ვერავის ვეტყვით, ჩვენ ყველას ვემსახურებით, მაგრამ დიდი ნაკადის გამო სამწუხაროდ მძღოლებს რიგში დგომა მაინც უწევთ. ჩვენი ცენტრი გათვლილია ახალციხეზე, რომელსაც სრულად დავაკმაყოფილებდით, რომ არა ფორსმაჟორული მდგომარეობა. ახალქალაქში ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა გახსნილიყო ცენტრი, რომელიც ორი ხაზით იქნებოდა. ჩვენ როგორც ვიცით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ მოახერხა დროულად მშენებლობის დასრულება და შეჩერებულია, ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში“, –განმარტავს საშა ზედგინიძე და ამატებს რომ იგივე მიზეზის გამოა შეჩერებული ცენტრის მშენებლობა ბორჯომშიც.ახალციხეში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი კერძო კომპანიაა და ის რამდნეიმე ათეული წელია ფუნქციონიერებს. ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი რიგებია ტექდათვალიერების თითქმის ყველა ცენტრთან.იგეგმება თუ არა ახალი ცენტრების მშენებლობა რეგიონში ამ კითხვაზე პასუხს სამინისტროდან ამ დრომდე ველოდებით.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ცხოვრება ავარიულ სახლში