შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სამეგრელოდან [ფოტო]

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 29 დეკემბერი 2018
სამეგრელო-ზემო სვანეთს წელს 16 ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ზოგიერთისთვის ეს პირველი საერთაშორისო აღიარება იყო, რამდენიმესთვის კი არახალი წარმატება, რომლის გემოც ყოველ ჯერზე თავდაპირველი ემოციების ტოლფასია. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გამარჯვებულ სპორტსმენებს.

ნუგზარ წურწუმია 21 წლის ხობელი მოჭიდავეა, რომლისთვისაც ეს წელი წარმატებული აღმოჩნდა. მან საანგარიშო პერიოდში ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, როგორც საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში, ისე უფროსებს შორის. ახალგაზრდა სპორტსმენი ნოემბრის თვეში, ბუქარესტში გამართულ შეჯიბრზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში რუსი ვიტალი კაბალოევი დაამარცხა. უფრო ადრე, ივნისში კი ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ნუგზარ წურწუმიას მიზანი ოლიმპიური მედალია, რომლისთვისაც თავდაუზოგავ შრომას გეგმავს. ამ ყველაფერზე მან „ლაივპრესთან“ ისაუბრა.

ხობის მუნიციპალიტეტი და საქართველო კიდევ ორმა სპორტსმენმა ასახელა მიმდინარე წელს. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა 21 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში დათუნა ჯიშკარიანი. სპორტის ამავე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონია გულად ბუკია 18 წლამდელთა შორის.

წარმატებული აღმოჩნდა 2018 წელი სენაკელი მოჭიდავის, გიორგი ჩხიკვაძისთვისაც. ის გახდა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანი საქართველოდან. ჩვიდმეტი წლის სპორტსმენმა არგენტინაში, ბუენოს აირეში გამართულ შეჯიბრზე, ფინალში ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი დაამარცხა. მოჭიდავემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სპორტს ცხოვრების მთავარ პროფესიად გაიხდის და ეცდება კიდევ ბევრჯერ ასახელოს ქვეყანა.

სენაკელი ქართლოს ოჩიგავა პირველი ქართველია, რომელმაც სპორტის სახეობა გრეპლინგში ოქროს მედალი მოიპოვა. ის მილანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ზუგდიდის სოფელ რიყეს ჰყავს ევროპის ჩემპიონი ძმები. პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა შორის შეჯიბრში გოგა ჩხეიძემ ატაცში 139 კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში 174 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდის ჯამში თავი 313 კილოგრამს მოუყარა და ორივე დისციპლინაში ოქროს მედლები დაიმსახურა.

ევროპის ჩემპიონი გახდა მისი ძმა, ირაკლი ჩხეიძეც. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში (163, 167, 170) სამივე ცდა გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან ასევე წარმატებით იასპარეზა აკვრაში, სადაც 202, 209, 216 დაძლია და პირველი ადგილი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში ძალოსანმა 386 კილოგრამი დააგროვა, რისთვისაც სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონი გახდა მათი ბიძაშვილი გიორგი ჩხეიძეც ძალოსნობაში.

ზუგდიდელი კარატისტი ილია გაბრავა ჯერ მხოლოდ შვიდი წლისაა, თუმცა უკვე რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. წელს ის თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ილია გახდა ევროპის ჩემპიონიც ქალაქ ვარნაში მიმდინარე შეჯიბრზე.

ილია გაბრავას მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა ზუგდიდელი საბა მანიაც თურქეთში გამართულ შეჯიბრზე. საერთაშორისო ღონისძიებიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ ასევე შემდეგი სპორტსმენები - უტა ფონიავა და ირაკლი ჭურღულიაც.

კიდევ ერთი სპორტსმენი, რომლისთვისაც ეს წელი წარმატებული აღმოჩნდა, დავით სამუშიაა. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მკლავჭიდელმა ფინალურ შეხვედრაში სომხეთის წარმომადგენელი ვრეზ სედრაკიანი დაამარცხა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ზუგდიდელმა ბესარიონ ბერულავამ პირველი ადგილი დაიკავა. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი კირიუხინი დაამარცხა და ოქროს მედალსაც დაეუფლა.

მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა 14 წლის ფოთელი საბა ტყებუჩავა. მოკრივემ ბულგარეთში გამართულ შეჯიბრზე უკრაინელ მეტოქეს სძლია და ოქროს მედალსაც დაეუფლა.

ამავე ჩემპიონატზე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ირაკლი ჯანელიძემაც.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის ბოლოსთვის სხვადასხვა ნომინაციაში საერთაშორისოდ აღიარებულ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა. მათ შორის არის ხობელი ნუგზარ წურწუმია, რომელიც წლის აღმოჩენად დასახელდა და ჯილდოდ „ოლიმპიური იმედი“ გადასცეს.

ამავე კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა 17 წლის სენაკელი მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძეც.

ახალგაზრდების თქმით, გამარჯვებებმა სტიმულთან ერთად თავდაჯერება გაუორკეცეს უფრო მეტი წარმატებისკენ. პირობას დებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან, საერთაშორისო შეჯიბრებებზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი კიდევ ბევრჯერ რომ ააჟღერონ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია