შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 25 იანვარი 2019
„უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით, ორი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას აპირებს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. სამინისტროს განცხადებით, ცენტრებში მაღალი კვალიფიკაციის ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ. მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლებში „დაინერგება თვისობრივად ახალი მიდგომა“, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს. რას გულისხმობს ახალი მიდგომები? – „ბათუმელები“ შეეცადა უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას როგორც სამინისტროში, ასევე მანდატურის სამსახურში, თუმცა ინფორმაცია არც ერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა. წინასწარი მონაცემებით, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი ითვალისწინებს სკოლებში მანდატურების მეტალოდეტექტორებით აღჭურვას. შესაბამისად, მინისტრი აცხადებს, რომ უსაფრთხო სკოლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, თუმცა კონკრეტულად რამდენი ლარია გათვალისწინებული მანდატურების დეტექტორებით, სკოლების კი ვიდეოთვალით აღჭურვაზე, სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში არ წერია. ბატიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ქმნიან ისეთ ელექტრონულ პროგრამას, რომელიც სასკოლო პროცესში მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობას უზრუნველყოფს. „პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ“, – დასძენს მინისტრი. მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში „ყალიბდება თვისებრივად ახალი მანდატური“. თუმცა, რა იგულისხმება ამაში, განმარტებას არც სამინისტროში აკეთებენ და არც მანდატურის სამსახურში… ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ თუ მანდატურს არ გაუვლია შსს-თან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული, პოლიციის აკადემიაში გადაამზადებენ. „გარდა ამისა, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მომზადება, რომლებიც სკოლაში შევლენ“. სამინისტროს ცნობით, 2019-2020 წლებში მანდატურები დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევლენ. „უსაფრთხო სკოლის“ პრეზენტაცია თბილისშიფოტო: განათლების სამინისტრო
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება