შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბესელიას ივანიშვილის ეშინია, მისი მსხვერპლია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 29 იანვარი 2019

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი თქმით ბესელია, მინიმუმ არაგულწრფელია, როდესაც გამუდმებით სააკაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა ფარული ჩანაწერების გაკეთება და ივანიშვილს არ ახსენებს. 

„ვიცავ და დავიცავ ნებისმიერ ქალს, რაგინდ მიუღებელი არ უნდა იყოს ის ჩემთვის პოლიტიკურად და რაოდენ უღირსად პიროვნულად არ უნდა მოქცეულიყო ის პირადად ჩემს მიმართ, რომელიც იქნება ნებისმიერი ტიპის ძალადობის მსხვერპლი. პირადი ცხოვრებით მანიპულირება კი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. თავად მან სხვათაშორის ეს სტანდარტი დაარღვია, როდესაც ჩემს შესახებ "გაასაჯაროვა" ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მიზნად ისახავდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ პირდაპირ მინიშნებას და ქალების წინააღმდეგ სტერეოტიპებით გაჟღენთილ საზოგადოებაში ჩემი როგორც ქალის რეპუტაციის შელახვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტყუილით. დიახ. რადგან 2004 წელს აშშ-ში Smith College-ში ვსწავლობდი და ცოცხლადაც არ მყავდა არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ნანახი.

ხოლო დღეს, როდესაც ეკა ბესელია გამუდმებით მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომლის მმართველობის პერიოდში მისი მტკიცებით უკანონო კადრების ჩაწერა მოხდა, მაგრამ ერთხელ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობის დროსაც ეს კადრები გავრცელდა, ის როგორც მინიმუმ არაგულწრფელია. სინამდვილეში კი ივანიშვილის ხსენება ეშინია, მათ შორის შესაძლო სხვა "კომპრომატების" გასაჯაროვების საფრთხის გამო. ის ამით ასევე ცდილობს,  ივანიშვილის კარზე მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში თავი გადაირჩინოს და პოლიტიკური ფასი გაიზარდოს გავლენების მოსახვეჭად. დიახ. მაინც მსხვერპლია. მაგრამ ივანიშვილის. და სანამ ამ სიმართლეს არ იტყვის, ჩალის ფასი ექნება მის სიტყვას“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია