შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძალოვნებს, საჭირო რაოდენობის უნიფორმები არ აქვთ — აუდიტი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36001 
 04 თებერვალი 2019

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ძალოვან უწყებებში დასაქმებულები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით არ არიან უზრუნველყოფილნი. აუდიტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები არ ასახავს რეალურ საჭიროებას და გადახედვას საჭიროებს.

 

ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

 

აუდიტის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროში არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება.

აუდიტი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა აუდიტის ობიექტზე არსებობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი. კერძოდ, არაპრიორიტეტული ჯგუფებისთვის უნიფორმის მიწოდების შემცირებით, შესაძლოა მეტი რესურსის პრიორიტეტულ ჯგუფებზე მიმართვა.

"მაგალითად, თუ პირი ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს, მასზე გაცემული საველე უნიფორმა ნაკლებად ცვდება, რადგან ის არ მონაწილეობს ყოველდღიურ წვრთნებში. შესაბამისად შესაძლებელია უნიფორმის მოხმარების ვადის გაზრდა, რაც გამოიწვევს ეკონომიას", — აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტი მიიჩნევს, რომ მათ მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან, დაახლოებით 4,2 მილიონი ლარის უფრო პროდუქტიულად გამოყენებაა შესაძლებელი. აუდიტის განმარტებით, შესაძლებელია, ამ ფულის ნაწილი მიიმართოს უნიფორმის შესყიდვაზე იმ მოსამსახურეებისთვის, რომელთაც ამის მეტი საჭიროება გააჩნიათ.

აუდიტის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში უნიფორმები განსხვავებულად არის ნორმირებული სხვადასხვა ჯგუფებისთვის, რაც ლოგიკურია, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისად არგუმენტირებული.

"მაგალითად, უბნის ინსპექტორს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ფეხით სიარული, ნორმით არ ეკუთვნის ფეხსაცმელი, თუმცა ის გათვალისწინებულია საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის", — ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის შეფასებით, საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, უნიფორმების მარაგების მართვის დადგენილი პოლიტიკა უწყებებში არ არსებობს.

"კერძოდ, არ არის დადგენილი უნიფორმის თითოეული ატრიბუტიკის სარეზერვო ნორმა. შსს-ს დადგენილი აქვს სარეზერვო ნორმა მხოლოდ საველე უნიფორმაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ყველა ტიპის უნიფორმისთვის დადგენილი აქვს ერთი და იგივე სარეზერვო ნორმა. გარდა აღნიშნულისა, უწყებებში უნიფორმების ნორმების ცვლილებები ხშირია, რაც გულისხმობს უნიფორმის ფერის, დიზაინის ცვლილებას და ახალი შესყიდვის განხორციელების საჭიროებას", — წერია ანგარიშში.

აუდიტის მტკიცებით, წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოუყენებელი მარაგების ჯამურმა ღირებულებამ 5,5 მლნ ლარი შეადგინა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება