შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელმწიფო ბიზნესს გარანტორად მხოლოდ ლარში გაცემულ სესხებზე დაუდგება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36280 
 15 თებერვალი 2019

„საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მილიონი ლარი იქნება“, - ამის შესახებ „საკრედიტო-საგარანტიო ფონდის“ კონცეფციაშია აღნიშნული. არსებული კონცეფციის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს სისტემაში ჩასართავად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს.

„მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულება სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. თუ სესხის აღება ხორციელდება ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ, თითოეული ცალ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს.

სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 ათას, ხოლო მაქსიმალური 2 მლნ ლარს. ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ სესხის აღების შემთხვევაშიც სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 2 მლნ. ლარი.

ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა იყოს დაგეგმილი გარანტიის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვის განმავლობაში. არსებული საწარმოს შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა მოხდეს გარანტიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის სესხის ვადიანობაში.

გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა არაუმეტეს 7 წელი. გარანტიის ვადიანობა არ შეიძლება აჭარბებდეს სესხის ვადიანობას.

სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე.

საქმიანობის სახეები: წარმოება და გადამუშავება, ელექტროენერგიის წარმოება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და დამუშავებები, სამედიცინო მომსახურება, სასტუმროების სექტორი, კაფე-რესტორნები (საქმიანობების სახეების ჩამონათვალი განისაზღვრება კლასიფიკატორის შესაბამისად)“, - წერია  „საკრედიტო-საგარანტიო ფონდის“ კონცეფციაში.

„საკრედიტო-საგარანტიო ფონდის“ კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია, ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, რომელიც შესაძლოა დაკორექტირდეს.

არსებული კონცეფციის მიხედვით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც მაღალი საკრედიტო რისკით ხასიათდება. სქემას ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.

როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა