შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს სასამართლოებისადმი სანდოობის მაჩვენებელი – 51% ია" - წულუკიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36305 
 16 თებერვალი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრი უწყების დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. 

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.

თეა წულუკიანის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის წყალობით, მოსახლეობის 51% ამბობს, რომ სასამართლოებს აქვთ დამოუკიდებლობა.

მისივე განცხადებით, კვლევის შედეგებმა აჩვენა სამი მთავარი პრობლემა, რასაც გამოკითხული მოქალაქეები ხარვეზად მიიჩნევენ.

„კვლევის მიხედვით, პირველი ხარვეზია ის, რომ სასამართლო არის ნელი. ასევე სასამართლო არის ძირითადად საადვოკატო ხარჯებისა და ხანდახან ბაჟის გამოც ძვირი სერვისი. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათი დასახლებული პუნქტებიდან სასამართლოები არის შედარებით შორს. ეს სამი პრობლემა არის რეალურად გამოკვეთილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა მართლმსაჯულება წაიყვანა სწორი გზით. რაოდენობრივად ყველაზე მეტი, ვინც ასე ფიქრობს,არიან ახალგაზრდები. ძალიან მიხარია, რომ სწორედ ახალგაზრდები ხედავენ ამას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, კვლევისას გამოიკითხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და მათი 14% ფიქრობს, რომ სასამართლოში გატარებული რეფორმები მართლმსაჯულების გზაზე სწორად გადაგმული ნაბიჯებია.

„ჩემთვის, როგორც ევროსტრუქტურების ყოფილი ჩინოსნისა და იურისტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს სასამართლოებისადმი სანდოობის მაჩვენებელი – 51%, ახლოს არის ევროპულ მაჩვენებელთან, რომელიც 52%-ს შეადგენს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია