შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაში დაიხარჯება ყვარლის 2019 წლის ბიუჯეტი

თვითმართველობა
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36966 
 20 თებერვალი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტმა 11 742 703 ლარი შეადგინა. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რჩება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ შეყილაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.
,,2019 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რჩება. 2018 წელს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებასთან ერთად, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები იყო- საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის ქსელების მოწესრიგება და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. წელს მუნიციპალიტეტში პროექტები იმავე მიმართულებებით გაგრძელდება, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ხოლო თანხა სამუშაოების შესაბამისად გადანაწილდება. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ფონდი შეადგენს 400 000 ლარს, ხოლო მერიის- 1 100 000 ლარს. რაც შეეხება პრემიის საკითხს, პრემიის გაცემა წლის განმავლობაში არ იგეგმება. შესაძლებელია მხოლოდ გაიცეს წლის ბოლოს, ხელფასის ფონდში ეკონომიის შემთხვევაში, თანამშრომელთა შეფასებების საფუძველზე. ამ ეტაპისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 826 424 ლარი. თანხა ეტაპობრივად, წარდგენილი პროექტების შესაბამისად გამოიყოფა, პროექტების დამტკიცების პროცესი ჯერ არ დასრულებულა’’,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ შეყილაძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რომ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტი არა მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ საჯარო მოხელეების პირად ინტერესებზეა გათვლილი. მისივე თქმით, საბიუჯეტო სახსრები უნდა გადანაწილდეს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
,,ერთადერთი მიზნობრიობა, რასაც თვითონ თვლიან, არის მერიის და საკრებულოების მაღალჩინოსნების ხარჯები. ამიტომაც მუნიციპალიტეტებში ვერც წლის დასაწყისში ანაწილებენ ბიუჯეტს სწორად, რომ ხარჯვით ნაწილში ნაშთი არ დარჩეს და წლის ბოლოსაც ვიღებთ ცუდ შედეგს. მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებია გასარემონტებელი, წყლისა და გზის პრობლემაა და იმის მაგივრად მის მოგვარებაზე იფიქრონ, საჯარო მოხელეები სამსახურშიც კი არ დადიან, რადგან თავიანთი პირადი საქმეებით არიან დაკავებულები. ძირითადად დაკავებულები არიან დავალების შესრულებით, როცა რომელიმე ჩინოვნიკს ჭირდება თავის უბანში გზის დაგება და წყლის პრობლემის მოგვარება. დღეს მუნიციპალიტეტებს არ ჰყავთ კომპეტენტური ჩინოვნიკები, რომლებიც ისე მოახერხებენ ბიუჯეტის დაგეგმვას, რომ რეალურად პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს’’,– აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ბოტკოველმა.
ყვარელში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აკრიტიკებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს. ისინი ამბობენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ლამზირა ხმიადაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი სოფლებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
,,სოფლებში სულ იყო და ახლაც არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. მოგვეწოდება დაბინძურებული სასმელი წყალი, არ არის გარეგანათება, კარგი გზები, ასევე ბევრი სოციალურად დაუცველია. ამ საკითხების მოგვარებას უნდა ხმარდებოდეს ადგილობრივი ბიუჯეტი, რომ ადამიანმა თავი უკეთესად იგრძნოს’’, – აცხადებს ლამზირა ხმიადაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია