შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დემა – თელავში მცხოვრები მარტოხელა მამის ბიზნესი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37092 
 26 თებერვალი 2019

თელავში მცხოვრებმა 34 წლის დავით მოსიაშვილმა საწარმო ,,დემა“ შექმნა. იგი შვილებთან ერთად პატარა სახელოსნოში სხვადასხვა სახის ბროშას მაგნიტური სამაგრით აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
დავით მოსიაშვილს ბროშების შექმნის იდეა მას მაშინ მოუვიდა, როდესაც შვილებისთვის შესაფერისი საქმის წამოწყებაზე ფიქრობდა. საწარმოს სახელი 5 წლის დემეტრე და 9 წლის მარიამის სახელების პირველი მარცვლებით ააწყო.
მარტოხელა მამას ამბობს, რომ სულ ეძებდა საქმეს, რომელშიც ბავშვები მაქსიმალურად იქნებოდნენ ჩართულები.
,,მყავს ორი შვილი 5 წლის დემეტრე და 9 წლის მარიამი. ვფიქრობდი, ეს უნდა ყოფილიყო ისეთი საქმიანობა, სადაც ბავშვები მაქსიმალურად იქნებოდნენ ჩართულნი. უნდა ყოფილიყო ნოვატორული, ბაზრისთვის საინტერესო და რეალიზებადი, ამავდროულად არ დასჭირვებოდა დიდი ფინანსური სახსრები. ფიქრის შედეგად მივედით იდეამდე, რომ გაგვეკეთებინა ხის ბროშები მაგნიტური სამაგრით, რომელიც მანამდე ქართულ ბაზარზე არ არსებობდა, საქმიანობის პროცესში იქნებოდა ხის დამუშავება, ხატვა, დიზაინი, რომლებიც ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თავიდან თიხაზე ვცადეთ რამდენიმე მოდელი, ჩემს ფეისბუქ გვერდზე ატვირთვის შემდგომ ფოტოებზე დაგროვილი მოწონების რაოდენობიდან გამომდინარე მივხვდით, რომ რაღაც გამოვიდოდა. ასე დაიწყო და დაიბადა ,,DEMA”-ს პირველი ნაკეთობები. დაბრენდვისას სახელი დემეტრეს და მარიამის სახელების პირველი ასოებიდან გამოვიყვანეთ, რაც შეეხება ლოგოს, ჩემმა მეგობარმა ისტორიისა და მიზნობრიობის მოსმენის შემდეგ მეორე დღესვე გაგვიკეთა საჩუქრად’’,– განუცხადა “კახეთის ხმას” დავით მოსიაშვილმა.
დავით მოსიაშვილი პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერია, ბროშების დამზადების გარდა, იგი პარალელურად ბუღალტრად მუშაობს, წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის, ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს და დაკავებულია მცირე საოჯახო მეურნეობით.
,,პროფესიით ვარ ეკონომისტ-მენეჯერი. ჩემი ძირითადი სამსახური არის კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. პარალელურად ვწერ ბლოგებს შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების მიზნით, აქტიურად ვარ ჩართული ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბების საკითხებზე, რომელიც იმუშავებს მარტოხელა მამებისა და შშმ პირების უფლებათა დაცვა-ადვოკატირებაზე. დრო და დრო ვატარებ საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლიც ჩემთვი ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა , თუმცა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და მასში აუცილებლად მონაწილეობს სხვა შემომწირველებთან ერთად ,,DEMA”-ს შემოსავლის ნაწილი. ვარ ფეისმუქ გვერდის ,,მამიკოს“ ადმინისტრატორი, რომლის მიზანი საქართველოში შვილების აღზედის პროცესებში მამების ჩართულობის გაძლიერებაა. დაკავებული ვარ მცირე სოჯახო მეურნეობით, ვზრდი შვილებს და პარალელურად ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი’’,- აცხადებს დავით მოსიაშვილი.
მარტოხელა მამას ბიზნესის განვითარებაში, ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და სხვა აქტივობებში შვილები ეხმარებიან. დავითი ამბობს, რომ ბავშვების ამ საქმიანობით დაინტერესება მისთვის ერთგვარი სტიმული იყო.
,,დემეტრე და მარიამი ბროშების შექმნის პროცესში თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები, დემეტრეს მოვალეობა ძირითადად გაფერადებაა, ხოლო მარიამი დიზაინის მოფიქრებითაა დაკავებული და სხვადასხვა გამოფენაზე პრომოს ფუნქციასაც ითავსებს. ,,DEMA”-ს შექმნამ ორივეს მოუმატა თავდაჯერებულობა, მოსწონთ როდესაც ცნობენ და რაც მთავარია აქვთ ხელფასი.’’
მეწარმე ხელნაკეთ ბროშებს ინტერნეტის საშუალებით ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მოსიაშვილი ბიზნესის გაფართოებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასაქმებას აპირებს.
,,ბიზნესის დაწყების შედეგ ჩვენს ცხოვრებაში შეიცვალა უამრავი რამ, გავიცანით საინტერესო და კეთილი ადამიანები, ჩვენ შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგო. ბროშებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ვყიდით. მრამდენიმე მაღაზიამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა, თუმცა ყველაფრის გაკეთება ხელით გვიწევს, რაც თავისთავად ძალიან შრომეტევადია, ჯერჯერობით ვერ ვამზადებთ იმ რაოდენობას რომ მაღაზიების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ჩვენი მომხმარებელი ყველა ასაკის ქალბატონია, ვისაც უყვარს ხელნაკეთი სამკაულები, ასევე მამაკაცებიც, რომლებიც ყიდულობენ საჩუქრებად. ჯერ უკმაყოფილო კლიენტი არ გვყოლია, გაყიდულ ნივთებს შეფუთვაში ვაყოლებთ ჩვენს მოკლე ისტორიას, თუმცა ჩვენი მიზანია, მოწონდეთ ნაკეთობები და არ შეიძინონ ისტორიის გამო. ჩვენ უკვე გვაქვს სახელოსნო, უამრავი ხელსაწყო და ასევე უახლოეს პერიოდში ველოდებით ,,აწარმოე საქართველოდან’’ მიღებული დაფინანსებით შეძენილი ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატის ტრანსპორტირებას, რომელიც მოგვცემს ჩვენი ნაკეთობების მრავალფეროვნების გაზრდისა და რაოდენობრივი ზრდის საშუალებას. როდესაც მცირე ბიზნესს გავაფართოვებთ, ჩვენი ოცენებაა, დავასაქმოთ შშმ ბავშვები და ერთად დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, გვსურს რომ დემას შემოსავლებით დავაფინანსოთ მათი სახელოსნომდე ტრანსპორტირება და დღის ბოლოს საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება”,- აღნიშნავს “კახეთის ხმასთან” საუბრისას დავით მოსიაშვილი.
მეწარმე სამომავლოდ სახელოსნოში შემეცნებითი ტურიზმის განვითარებასაც გეგმავს, სადაც ვიზიტორები ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს და დაათვალიერებენ ნაკეთობებს.

    

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია