შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კვლევის მიხედვით, გურიაში ბავშვების უმეტესობას პენსიონერობა სურს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36590 
 27 თებერვალი 2019

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველო-სოციუმი“ გურიის რეგიონში კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების დამოკიდებულების შეფასება უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში. კვლევაში ხუთი სოფლის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან  120-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

კითხვას - რომელი პროფესია არის მათთვის ყველაზე პოპულარული - 13, 14, და 15 წლის ბავშვების უმეტესობამ უპასუხა, რომ ყველაზე პოპულარული პენსიონერობაა.

„მასწავლებლობაა კარგი, მაგრამ გვეუბნებიან, დაბალი ხელფასი გვაქვსო, ალბათ, ყველაფერს პენსიონერობა ჯობია“, - ასეთი ბავშვების უმეტესობის მოსაზრება, რომლებიც პესიონერობას პროფესია, შესაბამისად შემოსავლის წყაროდ აღიქვამენ.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, 82 პროცენტი პენსიონერობას ირჩევს, რვა პროცენტი  აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას, ორი პროცენტი სახელობო პროფესიების შესწავლას გეგმავს, შვიდმა პროცენტმა აღნიშნა, რომ კერძო სამეწარმეო საქმიანობით დაკავდება. დანარჩენს გადაწყვეტილი არ აქვ იზრუნებს, თუ არა უმაღლესი განათლების მიღებაზე. მიზეზად ოჯახებში მატერიალურ სიდუხჭირეს ასახელებენ.

რაც შეეხება, პენსიონერობაზე მეოცნებე ბავშვებს, მიზეზად გარანტირებულ „ანაზღაურებას“ ანუ არსებობისთვის საჭირო თანხის მოპოვებას ასახელებენ.

პრაიმთაიმი დაუკავშირდა განათლებისა და სოციალურ საკითხებში ექსპერტებს. განათლების ექსპერტის, რევაზ აბხაზავას თქმით:

„თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ვითარდება, დროთა განმავლობაში სწორი შეხედულებებიც ჩამოუყალიბდება ჩვენს საზოგადოებას. სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს შორის ფული აქვთ ძირითადად პენსიონერებს. მოშლილია ინსტიტუციები და დასაქმების ადგილები არ არის. ეკონომიკური განვითარება აუცილებლად გაზრდის განათლებაზე მოთხოვნას“.

რეგიონებში შეზღუდულ რესურსებზე საუბრობს ექსპერტი, სოციალურ საკითხებში ნინო გიორგაძეც. დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, რაიონებში სიღარიბესთან ერთად ფორმალური და არაფორმალური განათლების პრობლემებიც მწვავედ დგას.

„რეგიონებში მხოლოდ განათლებაზე კი არა, სხვა რესურსებზეც წვდომა არის შეზღუდული. თინეიჯერებს არ აქვთ რეალური წარმატებული მაგალითები, რადგან ინტელექტუაური და შეძლებული ახლაგაზრდები დიდ ქალაქებში, ან დედაქალაქში გადადიან იმავე სოფლებიდან. რჩებიან დიდი ასაკის მქონე ადამიანები დი ისინი, ვისაც არ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ იქ, სადაც მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სერვისზე ექნებოდათ წვდომა“.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა