შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნიკალური თვისებების მქონე ქართული აბრეშუმი სოფელ მაღაროდან

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39787 
 28 ივნისი 2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მცხოვრები ლამარა ბეჟაშვილი ბებიის დანატოვარ სახლში აბრეშუმის ჭიებს ახარებს. აბრეშუმის ძაფისგან ის  პერანგებს, თავსაბურავებს და ყურთბალიშებს ამზადებს.

ლამარა ბეჟაშვილი დარგის აღდგენაზე ოცნებობს და ამბობს, რომ ქართული აბრეშუმი ხელოვნურისგან, ხარისხით და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

,,მეაბრეშუმეობა ეს არის მივიწყებული დარგი რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ბებო მყავდა მეაბრეშუმე, 5 წლის ასაკიდან ვეხმარებოდი ბებოს აბრეშუმის მოვლაში. მთელი დღეები საათობით შემეძლო მეყურა როგორ ჭამდნენ ჭიები, როგორ აკეთებდნენ პარკს. ჩემმა მეგობარმა 21 ცალი აბრეშუმის ჭია მაჩუქა.

თან მიყვარდა ეს დარგი, თან მივიწყებული იყო და თანაც ბევრი რამ ვიცოდი. ვიცოდი მცენარეებით როგორ მემკურნალა. 21 ამრეშუმის ჭიიდან დღეს ალბათ 21 მილიარდზე მეტი მყავს. ზოგი სახლში და ზოგიც გაშვილებულები მყავს’’,- აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.

ლამარა ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარკის ჭიების მოვლა შრომატევადი საქმეა თუმცა მისთვის ეს სასიამოვნო პროცესია.

,,როგორც კი ჭიები იზრდებიან, მიაღწევენ მესამე ასაკს, მიხდება დილის 5 საათიდან ფოთოლზე გასვლა. სიგრილით უნდა მოვიტანო ფოთოლი, რომ დღის მანძილზე არ დამიჭკნეს და ის სასარგებლო წვენი რაც აქვს ამათთვის შევინარჩუნო.

ჭიები სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა იკვებებოდნენ, რომ 35 დღეში მოგვცენ პარკი. ახლა კი არის ის სეზონი, როცა ღამის პირველ საათამდე გამოუსვლელი ვარ აქედან.

ის რაოდენობა რაც მე ახლა თაროებზე მყავს, არის 4-5 ქალისთვის განკუთვნილი, 3-4 გამკაფავი უნდა იყოს და ამას ვაკეთებთ ამ ეტაპზე ერთი ჩემი თანამშრომელი,რომელიც შემდეგ ქსოვს კიდეც აბრეშუმის ძაფისგან და ის მეხმარება მოვლაში. მე და ჩემი მეუღლე კი მივდივართ ხოლმე ფოთლების მოსატანად’’,- აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.

ლამარა ბეჟაშვილი აბრეშუმის ძაფს ძველი ტრადიციული მეთოდით ამზადებს. წარმოებულ აბრეშუმს და ხელნაკეთ ნივთებს გაყიდვას ინტერნეტში ყიდის.

,,ჩვენ არა გვაქვს ის თანამედროვე დაზგები, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ ძველებური წესით. ერთი თვის განმავლობაში გვიწევს ძაფის მიღება და ერთი თვე ქსოვა. უცხოელები გვიკვეთავენ ძირითადად. ”

დარგის სპეციალისტი,  თელავის ყოფილი აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხნის დირექტორი, გელა კაპანაძე განმარტავს, რომ აბრეშუმის წარმოების აღდგენისთვის მთავრობის მიერ დარგის სუბსიდირებაა საჭირო.

,,აბრეშუმი მომგებიანი დარგი საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. იყო ყოველთვის დოტაციური, სახელმწიფო იხდიდა ამ დოტაციას, იმიტომ რომ შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და აბრეშუმის წარმოება. დღეს ყველაფერი აწყობილია ბიზნესზე და დოტაციის გარეშე აბრეშუმი საქართველოში ვერ აღორძინდება.

თუ ვინმეს უნდა აბრეშუმის დარგის განვითარება, მე მინდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ბუნებრივი აბრეშუმის ღირებულება ოცჯერ ძვირია ვიდრე ხელოვნური აბრეშუმის.

ბუნებრივობა რათქმაუნდა მნიშვნელოვანია მაგრამ მყიდველი უყურებს უფრო ლამაზს და უფრო იაფს. ამიტომ ნატურალური აბრეშუმი ამოვარდა რეალიზაციიდან და ის ჩაანაცვლა ხელოვნურმა’’,- აცხადებს გელა კაპანაძე.

მიუხედავად ამისა, ლამარა ბეჟაშვილი მეაბრეშუმეობაში დიდ პოტენციალს ხედავს. ის აპირებს, თავისი აბრეშუმის წარმოება აგროტურიზმის მიმართულებითაც განავითაროს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია