შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში ახალი საკანალიზაციო სისტემა 2020 წლისათვის ამოქმედდება…

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4080 
 05 ნოემბერი 2019

წყალლარინების სისტემის (კანალიზაციის) ქრონიკულად მოუგვარებელი პრობლემა ქალაქს წლების განმავლობაში აწუხებს. ,,საუკუნის პროექტი,, რომელსაც ეს პრობლემა წარსულისთვის უნდა მიებარებინა, ისევ სჯა-ბაასის საგნად არის ქცეული.
2016 წელს დაწყებული პროექტი დღემდე უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს მოსახლეობაში. ფოთის მერად ირაკლი კაკულიას ყოფნის დროს გადაწყდა ქალაქის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულიყო. გამოცხადდა კიდეც ტენდერი 2016 წელს, სადაც  აზერბაიჯანულმა კომპანია შპს „აზერაგრარტიკინტმა“ გაიმარჯვა. სამუშაოს ღირებულება 37 მილიონი გახლდათ და ავანსის სახით კომპანიას 9.3 მილიონი ლარიც გადაურიცხეს. გამარჯვებულ კომპანიას პროექტის მიხედვით უნდა მოეწესრიგებინა საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი ნაგებობა და იგი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. სინამდვილეში კი არაფერი მსგავსი არ განხორციელებულა. გამარჯვებულ კომპანიას შეუჩერდა ხელშეკრულება და ქალაქმა მიიღო გადათხრილი ქუჩები, ქარს გატანებული მილიონები და პრობლემური საკანალიზაციო სისტემა.

ისევ ტენდერი და ამჟამად კომპანია  „ტაჰალ გრუპი“ გახლავთ  პასუხისმგებელი ქალაქში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე.  მთელ ქალაქშია გაშლილი სამუშაო პროცესები, რასაც მოსახლეობაც ნათლად ხედავს, თუმცა პერიოდულობით პრობლემები თავს მაინც იჩენს, რაც, თავისთავად, აჭიანურებს სამუშაო პროცესს. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, კონტრაქტორ ფირმა ,,ტაჰალ გრუპს,, ჰქონდა შეფერხებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გარკვეული ხარვეზები, რის გამოც მათ მოითხოვეს მენეჯმენტის ცვლილება. ამ ეტაპისთვის კონტრაქტორი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ჯგუფების მობილიზება და პარალელურად, რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კონტრაქტორი ასევე გეგმავს სამუშაო ჯგუფების დამატებას.

Msnews.ge  შეეცადა დაკავშირებოდა ადგილზე ,,ტაჰალ გრუპის,, წარმომადგენლებს მეტი ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ, რატომღაც, ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტს, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ შემაფერხებელი გახლავთ ქალაქის შიგნით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის.  ვიცე-მერმა კოტე თოფურიამ როგორც აღნიშნა ჩვენთან საუბარში, მათ გააჩნიათ გარკვეული პრეტენზიები ,,ტაჰალ გრუპის,, მენეჯმენტთან, რადგან სამუშაოები მიმდინარეობს ხარვეზებითა და ნელი ტემპით და შესაძლოა პროექტის დასრულება ვადაში ვერ მოხერხდეს: „ყველა პროცესში მათთან ვმუშაობთ საკმაოდ ინტენსიურად.  შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ჯარიმდებიან და ეს გაგრძელდება, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ ქალაქის ინტერესები უპირველესია და შემდეგაა მათი საქმე. ქალაქის ხელმძღვანელობა მათ გამუდმებით აფრთხილებს და შევთანხმდით რა საკითხია მთავარი. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საკითხზე. პრობლემური პროექტია და არ არის მარტივად შესასრულებელი. ამის გამო გაჩერებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. პროექტი  მნიშვნელოვანია, ამაზეც უნდა შევთანხმდეთ, იგი 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს, თუმცა, ასეთი ტემპით, სავარაუდოდ, დრო გადაიწევს. ხელშეკრულების ყველა დოკუმენტში არის თავდაცვითი მექანიზმები ჩადებული. მისი შეუსრულებლობის დროს   სამართლებრივი გზით გადაწყდება პრობლემა“.

ალბათ, ნებისმიერი ფოთელისთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება, რომ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ არსებობდეს გამართული საკანალიზაციო სისტემა თი საგზაო ინფრასტრუქტურა.    არქიტექტურის, სივრცითი  მოწყობისა და ადმინისტარაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ შონია გვარწმუნებს, რომ საქმე საეჭვოდ არ გახლავთ, რადგან მკაცრად კონტროლდება მიმდინარე სამუშაოები:  „მოგეხსენებათ, მიმდინარე სამუშაოებს თან ახლავს შესასრულებელი პირობები, რაც  აუცილებელი გახლავთ. შესაბამისად, ჩვენმა სამსახურმა „ტაჰალ გრუპი“ რამდენიმეჯერ დააჯარიმა შეუსრულებული სამუშაოებისთვის, მაგალითად, არხები არ დაასუფთავა, ჩატოვა ნარჩენები, თუმცა ჯარიმა არ ნიშნავს, რომ საქმე არ გამოასწოროს. გაგებით ვეკიდებთ მათ მუშაობას, პრობლემური სამუშაოა კანალიზაციის სისტემა. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, ჩვენი მხრიდან შეფერხება არ აქვთ, მაგალითად არის გზის გადაკეტვები, ზოგჯერ ნაწილობრივ  გადაკეტვა. არის შემთხვევები, რომ მთლიანი გზის გადაკეტვა ხდება საჭირო, მაგრამ ალტერნატიული გზა უნდა არსებობდეს. როდესაც წერილით მოგვმართავს კომპანია, იმ დღესვე ვუკავშირდებით საპატრულო სამსახურს, რომ მეორე დღეს უკვე შეძლონ სამუშაოების განხორციელება. ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს კომპანიასთან, ისინი წინასწარ გვითანხმებენ გრაფიკს, თუ რომელ ლოკაციებზე უნდა გავიდნენ და დაიწყონ მუშაობა. ადრე ქაოსურად და დაუგეგმავად მიმდინარეობდა სამუშაოები,   ყველაფერი მოაწესრიგა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისინი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი, პროექტი სრულყოფილად შეასრულონ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი და პირველ ადგილზე მდგომი საკითხია ჩვენთვის“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

Virtuelle Datensicherheit ferner Schutz Ihrer Dokumente | Brainloop Secure Dataroom

ახალი ამბები