შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმნის ობსერვატორიაში სამეცნიერო საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
აბასთუმნის ობსერვატორიაში სამეცნიერო საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.02.2020 აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სამეცნიერო საბჭოს არჩევნები მარტში გაიმართება. საბჭო უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონდე მმართველი ორგანო იქნება, რომელშიც სავარაუდოდ, 13 მეცნიერ-თანამშრომელი შევა. შემდგომში, კონკურსი გამოცხადდება დირექტორის პოზიციაზეც. სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მზადებისა და მისი როლის შესახებ, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლები განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდნენ. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ პირველ ეტაპზე, კონკურსი გამოცხადდება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების შესარჩევად. დაკომპლექტდება საკონკურსო კომისიაც, რომელიც კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს. ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი თემურ კვერნაძე ერთ-ერთია, რომელიც სამეცნიერო საბჭოს ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას გეგმავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, საუბარია, რომ საბჭოსთვის 13 წევრი შეირჩეს. „მიმდინარეობს მსჯელობა რამდენი წევრი უნდა შევიდეს სამეცნიერო საბჭოში. ახლა 13 ადგილზეა საუბარი. თუმცა სხვადასხვა მოსაზრებებია. მე პირადად, ვფიქრობ, რომ მივიღო მონაწილეობა კონკურსში. საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია, ყველა თანამშრომელი ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა 20-30% დააპირებს კონკურსში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ“, - ამბობს თემურ კვერნაძე. მარტში არჩეულმა სამეცნიერო საბჭომ, ობსერვატორიას დირექტორთან ერთად უნდა უხელმძღვანელოს. შესაბამისად, კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამეცნიერო საბჭო აირჩევა, გამოცხადდება კონკურსი დირექტორის პოზიციაზეც. დირექტორობის კანდიდატურა გადაეგზავნება სამინისტროს, რომელიც დანიშნავს ან არ დანიშნავს მას.რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ობსერვატორია უმაღლეს დაწესებულებებთან კავშირს კვლავ გააგრძელებს, თუმცა ამჯერად მას დამოუკიდებელი ორგანოს სტატუსი ექნება.„აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები“, - აცხადებენ განათლების სამინიტროში.მინისტრისა და მეცნიერ-თანამშრომლების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ობსერვატორიის მეორე, ე.წ თბილისის ოფისსაც. იმის გამო, რომ ნოემბრიდან აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აღარ არის, თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შენობა უნდა დაცალონ. „ობსერვატორიას ორი ოფისი აქვს. ნაწილი თანამშრომლებისა თბილისშია, ნაწილი აბასთუმანში. აქამდე თბილისში, ილიას უნივერსიტეტში ვიყავით განთავსებული, თუმცა ახლა იქ ვეღარ დავრჩებით იმიტომ, რომ უნივერსიტეტს საკუთარი ფართი სჭირდება. ამიტომ სამინისტრომ გამოგვიყო ახალი ფართი თბილისში, რომელიც უნდა გარემონტდეს, რადგან ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა აბასთუმანში იქნება ძირითადი დაკვირვებითი ბაზა“, - ამბობს კვერნაძე.მისივე თქმით, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების პირობებში, მეცნიერ-თანამშრომლების სურვილია ობსერვატორიაში კომპლექსური რეაბილიტაცია მოხდეს, „მსოფლიო ბანკისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს მეშვეობით, გავარემონტეთ ცენტრში ყველაფერი გადასარევად, მაგრამ 100 მეტრში თუ გახვალ, გვენგრევა შენობა, რომელშიც ტელესკოპი დგას. ვიბრძვით ამაზე და ვერ მივაღწიეთ, ამისთვის არის საჭირო კომპლექსური რებილიტაცია“. მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილება (N 475) ობსერვატორიის სტატუსის ცვლილების შესახებ, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, ძალაში სრულად 24 ნოემბრიდან შევიდა. [თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია