კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აუდიტის სამსახური- „აწარმოე საქართველოში“ არ იყო მისადაგებული მცირე და საშუალო საწარმოებზე

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივლისი 2022

აუდიტის სამსახური პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზე უფრო მეტად ორიენტირების მიზნით, მისი კიდევ უფრო დახვეწის რეკომენდაციას იძლევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობა-ეფექტიანობა შეისწავლა. აუდიტის ფარგლებში შეფასდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულება, რომლის ძირითადი კომპონენტია − მეწარმეების მიერ ახალი საწარმოების შექმნის ან/და არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების მიზნით აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება. აუდიტის პერიოდი 2014-2021 წლებს მოიცავს.

იკვეთება, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. საქართველოში ფინანსური სექტორის 95%-ს კომერციული ბანკები წარმოადგენს, შესაბამისად, SME-თვის კრედიტებზე წვდომის ძირითადი წყარო საბანკო კრედიტია. ბანკის მხრიდან სესხზე უარის მიზეზებია: პროექტის მაღალი რისკი, სესხის უზრუნველყოფა, დაბალი ხარისხის ბიზნესგეგმა.

საკრედიტო ისტორიის არარსებობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა სტარტაპების შემთხვევაში. კომერციული ბანკები თავს იკავებენ ახლად შექმნილი საწარმოების დაფინანსებისგან, რადგან მათ ნაკლებად აქვთ სტაბილური შემოსავლები და მაღალი რისკიანობით გამოირჩევიან. აუდიტის ანგარიშის თანახმად, „აწარმოე საქართველოში“ არ ქმნიდა დამატებით სტიმულებს ქვეყანაში განუვითარებელი სექტორებისა და საქმიანობებისათვის იმ პირობებში, როდესაც კომერციული ბანკები უპირატესობას კარგად განვითარებული, ტრადიციული დარგების დაფინანსებას ანიჭებენ.

როგორც ანალიზმა აჩვენა, SME სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები მეტწილად მეწარმე ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე მოცულობის სესხების პარამეტრებით იყო განპირობებული. აუდიტორთა შეფასებით, „აწარმოე საქართველოში“ არ იყო მისადაგებული მცირე და საშუალო საწარმოებზე, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 2020 წლამდე პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი იყო, მინიმუმ, 150,000 ლარის სესხის მქონე ბენეფიციარებისათვის. ამასთანავე, 2020 წლიდან, პანდემიასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების საპასუხოდ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სესხის ქვედა ზღვარმა დაიწია 50 ათას ლარამდე, რის შედეგადაც 2020-2021 წლებში მკვეთრად გაიზარდა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა და დაფინანსებული სესხების მოცულობა. მაგალითად, 2019 წელს 55 ბენეფიციარზე გაიცა 102,8 მლნ ლარის სესხი, ხოლო 2021 წელს − 251 ბენეფიციარზე, 506,9 მლნ ლარის სესხი.

აუდიტის ჯგუფმა შეადარა საკვების/სასმელისა და სამშენებლო მასალების სექტორებიდან პროგრამაში მონაწილე კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები, იმავე სექტორებში არსებული სხვა კომპანიების მაჩვენებლებს. როგორც შედარებამ აჩვენა, ბენეფიციარ კომპანიებს, უმეტეს შემთხვევაში, არ ჰქონდათ უკეთესი მაჩვენებლები შემოწმებული ფინანსური პარამეტრების მიმართულებით. იმავდროულად, პანდემიის საპასუხოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა პროგრამის პარამეტრები − დაიწია პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო სესხის მოცულობის ქვედა ზღვარი, გაიზარდა დაფინანსებული საქმიანობების სახეები და დაფინანსების პერიოდი. ამასთანავე, პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული გახდა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა.

სააგენტომ ასევე განახორციელა დროებითი დახმარების ღონისძიებები პანდემიით დაზარალებული ისეთი სექტორებისათვის, როგორიცაა: სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია: ფიტნესცენტრები, საბავშვო ბაღები და ღონისძიების ორგანიზატორები; ამოქმედდა იპოთეკური კრედიტის მხარდაჭერის პროგრამა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა მეწარმეთა გამოკითხვამ აჩვენა, დროებითი პროგრამების ბენეფიციარებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ძირითად საჭიროებად რჩება.

ამ ფონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ SME-ის საჭიროებებზე ორიენტირების მიზნით, სამინისტრომ ჩაატაროს SME-ის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული საჭიროებების დეტალური ანალიზი და უკეთესი პრაქტიკის გათვალისწინებით (ფინანსებზე შეზღუდული წვდომის მქონე საწარმოების დახმარება, ახალი სექტორებისა და პროდუქტების განვითარება, პროდუქტიულობის ზრდისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და სხვ.) განიხილოს პროგრამის შემდგომი დახვეწის შესაძლებლობა.

ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებების საპასუხოდ, შესაბამისი პროგრამების ეფექტიანად შემუშავების წინაპირობების შექმნისათვის, სამინისტრომ უზრუნველყოს იმ გარემოებების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს SME-თან დაკავშირებით სათანადო ანალიზის ჩატარებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით (ეროვნული ბანკი, საქსტატი, საერთაშორისო დონორები), ხელი შეუწყოს შესაბამისი მონაცემების შეგროვებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია