შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა და 12.3% შეადგინა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019

2018 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონის 2018 წლის წლიური მაჩვენებელი 12.7 პროცენტის ფარგლებშია, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.

2018 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.6 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.3 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

2018 წლის IV კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში - 55.6 პროცენტის ფარგლებში იყო, მაშინ როდესაც კაცებში - 72.8 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად 0.5 და 1.1 პროცენტული პუნქტებით.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია