შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები - პრობლემების მოგვარების გზა თუ დროებითი გამოსავალი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2020
30 წლის ნათია კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, თუ სად ამას თავად ძალადობის მსხვერპლის თხოვნითვე არ ვასახელებთ.
ქორწინებაში 10 წელი იმყოფებოდა. მას და მის ყოფილ მეუღლეს საერთო შვილი - 7 წლის ანასტასია ჰყავთ.
როგორც გვიყვება, 10 წლის განმავლობაში მეუღლე მასზე სისტემატურად ძალადობდა, განსაკუთრებით კი მაშინ იყო აგრესიული, როდესაც სახლში ნასვამი ბრუნდებოდა.

2 წლის წინ მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა ძალადობა ამით არ ამოწურულა. რამდენიმე თვის წინ, ნათიამ მორიგი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მეუღლესთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა დროებით ახლობელთან ცხოვრობს და სამსახურიც იშოვა.

-„10 წელი ვითმენდი ძალადობას, ერთხელ ქუჩაშიც გამარტყა, წარმოიდგინეთ, ფიზიკურ ტკივილთან ერთად, ეს რამხელა დამცირებაა. თავს ვიკავებდი იმის იმედით, რომ იქნებ გამოსწორებულიყო. ბოლოს, ყელში ამომივიდა და ოჯახიდან წამოვედი. ვერც სახლში მივიდოდი, მხოლოდ დედა მყავს და ისიც თავის თავს ძლივს ინახავს. ამიტომ საცხოვრებლად თბილისში წავედი, მიჭირს თავის გატანა და ბავშვის რჩენა, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ, დამცირებისა და ცემის გარეშე,“ -ამბობს ჩვენთან საუბარში ნათია.

ქალები მუდმივად განიცდიან ძალადობას სახლში, ქუჩაში, სამსახურში ... თუმცა უფრო ხშირია ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ქალები ოჯახში უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიან, ძალადობის მიზეზებიც ბევრია, მათ შორის ეჭვიანობა, შურისძიება, ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები, ეკონომიკური, სოციალური ფაქტორები და სხვა.

სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის, ანა ფაჩუაშვილის თქმით, ეს ნიშნავს არა დანაშაულის ზრდას, არამედ მსხვერპლთა მიმართ მომართვიანობის გაზრდას.

2018 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოცემული იყო 7 600-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი, 2019 წელს, ეს მაჩვენებელი გასცდა 10 000-ს, ხოლო 2020 წლის პირველ 6 თვეში, 5 700-ს აღმატება. აქედან, უშუალოდ ქალთა მიმართ ძალადობაზე, 2019 წელს გამოიცა 557 ორდერი, ხოლო 2020 წლის პირველ 6 თვეში - 418.

-„მართალია, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ ლატენტური დანაშაულებია, თუმცა წინა წლებთან შედარებით, პროგრესი შესამჩნევია. ძალადობის შესახებ შეტყობინებაზე პოლიციის მხრიდან რეაგირება არის მყისიერი. გააჩნია, რა ტიპის შეტყობინება დაფიქსირდება, შესაძლებელია, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყება იწყებს გამოძიებას. თუმცა, შესაძლებელია შეტყობინება არ იყოს დანაშაულის ნიშნების შემცველი და გარკვეული ტიპის ძალადობას ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი (მაგ.: ფსიქოლოგიური ძალადობა), ამ დროს პოლიციის თანამშრომელი იყენებს რისკის შეფასების ინსტრუმენტს, იგივე, შემაკავებელი ორდერის ოქმს და აფასებს განმეორებითი ძალადობის რისკებს, რის შემდეგაც წყვეტს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხს. სამინისტრო მუდმივად მზადყოფნაშია, რომ მაქსიმალური გააკეთოს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის დასაცავად. ”- გვეუბნება ანა ფაჩუაშვილი.

არის შემთხვევები, როდესაც ქალები პოლიციას მიმართავენ, თუმცა შემდეგ საგამოძიებო უწყებასთან აღარ თანამშრომლობენ, რაც ეფექტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ართულებს. ანა ფაჩუაშვილის თქმით, იმისთვის, რომ მსხვერპლი დაიცვან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი მხრიდან თანამშრომლობა, არამედ ოჯახის სხვა წევრების ან იმ პირების მხრიდანაც, ვინც დანაშაულის შესახებ ფლობს ინფორმაციას.

„სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე, ქმედით მექანიზმებს რეაგირების ეფექტიანობისთვის. თითოეული ცვლილებით ვცდილობთ ეფექტიანად დავიცვათ როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ისე ქალები, რომლებიც ექვემდებარებიან გენდერული ნიშნით ძალადობას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, სამინისტროს ინიციატივით, 2018 წლიდან შემაკავებელი ორდერის ოქმის, იგივე რისკის შეფასების ინსტრუმენტის შემოღება და 2020 წლის სექტემბრიდან ელექტრონული ზედამხედველობის ამოქმედება, რითაც მოგვეცა შესაძლებლობა გავაკონტროლოთ მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულება. უფრო კონკრეტულად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების კონტროლი. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს და მისი განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა,“-გვიხსნის ანა ფაჩუაშვილი.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი იზრუნებს, უწყება წარადგენს პრეზენტაციებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებსა და სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სამინისტროს რეაგირების, მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, დეპარტამენტი სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავებს გადაამზადებს.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კვლავ გამოწვევად რჩება შემთხვევათა დროული გამოვლენა და ეფექტური რეაგირება, ასევე, დახმარების ღონისძიებების სიმცირე, რაც ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.


კორონავირუსის პანდემია და ოჯახში ძალადობა

აპარატში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ოჯახში ძალადობის რისკები უფრო მეტად გაზარდა და შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა შეამცირა.

–„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ პანდემიის პერიოდში გამართული შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამძიმდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული სისტემური გამოწვევები. გადაადგილებისა და კომუნიკაციის საშუალებების შეზღუდვამ და პირადი სივრცის არარსებობამ ქალები მოძალადეების პირისპირ მხარდაჭერის ეფექტიანი საშუალებების გარეშე დატოვა, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავდროულად, შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ძალადობის დროული გამოვლენა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ეფექტურია თუ არა სახელმწიფო მხარდაჭერა

სახელმწიფო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს, მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, თავშესაფრით უზრუნველყოფს. მსხვერპლს საშუალება აქვს, განერიდოს ძალადობრივ გარემოს და მიიღოს ფსიქოლოგიური, სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება.
დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი, თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, გორსა და ოზურგეთში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლ ქალებს მხოლოდ 3-დან 6 თვემდე აჩერებენ, რაც პრობლემას წარმოადგენს.

-„ამ ხნის შემდეგ პრაქტიკულად წასასვლელი არსად აქვთ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. იაფანი საცხოვრისის შეთავაზება თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის მოგვიანებით აღარ ხდება. ასევე პრობლემურად გამოვყოფდი იმას, რომ არ აქვთ ფსიქოლოგის კვალიფიციური მომსახურება, არ ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, არავინ ზრუნავს ამ ქალების დასაქმებაზე ან კვალიფიკაციაზე. რა ფორმითაც დღეს თავშესაფრები ფუნქციონირებს, ეს ნიშნავს იმას რომ თავზე ჭერი ჰქონდეს ადამიანს, რაც რა თქმა უნდა საკმარისი არ არის,“- აღნიშნავს ბაია პატარაია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია