კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბედნიერება... თუნდაც სევდისგან“- გზა საგარეჯოდან რომამდე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მაისი 2022
წერა ბავშვობიდან იტაცებდა. მას შემდეგ კი, რაც ინტერნეტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა, პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებდა სხვადასხვა ამბავსა თუ ჩანახატს, ძირითადად იუმორისტულ ჭრილში.
დროდადრო სევდიან თემებსაც ეხებოდა, განსაკუთრებით მაშინ, სიცოცხლისთვის აქტიური ბრძოლა რომ გააჩაღა უცხო ქვეყანაში და უზარმაზარ ემოციას, გულში რომ ვეღარ იტევდა.

არასდროს უფიქრია, ოდესმე შვილს თუ მიუძღვნიდა წიგნს და ოდნავ სევდიან, თუმცა მაინც ბედნიერ ამბებს სოციალური ქსელის გარდა, ქაღალდის ფურცლებზე აკინძავდა.

,,ბედნიერება... თუნდაც სევდისგან“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც თებერვალში დაიბეჭდა და ანანო ქვლივიძის პატარა გოგონას, თეკლას ეძღვნება.




-„დაახლოებით ერთი წელი ვწერდი, თუმცა გაცილებით ადრინდელი ჩანაწერებიცაა შესული. მასში აღწერილია შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილი, ბრძოლა, დაბრკოლებებით აღსავსე გზები საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებისკენ, ადამიანური სისუსტეები, განცდები და ნოსტალგიური ეპიზოდები,“- გვიყვება ანანო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, პროფესიით მუშაობა არ ისურვა და საგარეჯოს კულტურის ცენტრში დაიწყო მუშაობა. სახალხო თეატრში სხვადასხვა ღონისძიებებსა და სპექტაკლებში მონაწილეობდა.



„საკმაოდ მხიარული და სავსე ცხოვრება მქონდა. დავდიოდი ლაშქრობებზე, ვხეტიალობდი მთებსა და ტყეებში, ველოსიპედით დავსეირნობდი საყვარელი ქალაქის ქუჩებში და ბევრს ვვოცნებობდი.“

2018 წელს თვალებციმციმა და კულულებიანი გოგო დაიბადა, გოგონა, სახელად თეკლა. როგორც ალბათ ყველა ქალისთვის, დედის ამპლუაში ყოფნა სრულიად განსხვავებული და ემოციური აღმოჩნდა ანანოსთვის.

-„სასიამოვნო იყო პაწაწინა შვილზე ზრუნვა და მასთან ერთად სამყაროს ხელახლა შეცნობა. გართულებებმა დაბადებიდანვე იჩინა თავი. სუსტად ტიროდა და კიდურებს, ფაქტობრივად, არ ამოძრავებდა. ვუტარებდით სხვადასხვა კვლევას, რამე პათოლოგია რომ გამოგვერიცხა. ანალიზები ყოველთვის კარგი და იმედისმომცემი იყო,მანამ, სანამ კონკრეტულ დაავადებაზე არ იეჭვეს. ამასობაში თეკლა 5 თვის გახდა, სპინალური კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზი რომ დადასტურდა. ამ დაავადების დროს ზურგის ტვინი ვერ გამოიმუშავებს კუნთების ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილას, დიაგნოზი რამდენიმე ტიპს მოიცავს. მძიმე შემთხვევები, მკურნალობის გარეშე, ადრეულ ასაკშივე ლეტალურად მთავრდება.“



როდესაც დიაგნოზი დადასტურდა, ბევრი არც უფიქრიათ, თეკლას გადასარჩენად სხვა ქვეყანაში, საფრანგეთში წასვლა გადაწყდა. ანანო ემოციებით იხსენებს იმ გზას, გზას საქართველოდან უცხო ქვეყანამდე. იხსნებს როგორ გაერთიანდა მთელი საგარეჯო და მთლიანად საქართველო თეკლას გადასარჩენად.

-„წასვლამდე ორი კვირით ადრე სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში მოხვდა თეკლა, სადაც ყოველდღე დაინტუბირების საფრთხის ქვეშ გახლდათ. ხელოვნურ ვენტილაციაზე დამოკიდებული ბავშვის გამზგავრება კი გაცილებით დიდ ხარჯებთან და სხვადასხვა ბიუროკრატიულ სირთულესთან არის დაკავშირებული. მახსოვს, რეანიმაციის მთავარი ექიმი როგორ გვირჩევდა საზღვარგარეთ წასვლისგან თავი შეგვეკავებინა, რადგან მისი აზრით არც იქ არსებობდა რეალური ხსნა, სანაცვლოდ კი მპირდებოდა, რომ ორ წლამდე აცოცხლებდა ჩემს შვილს. ვერ გეტყვით, რამდენად რთული აღმოჩნდა მოსასმენად, საბრძოლო ჟინი კი უფრო მეტად გამიმძაფრდა. საბოლოოდ თვითმფრინავში კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა თეკლა, ამიტომ პილოტმა ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღო და პარიზის ნაცვლად ბუდაპეშტში აღმოვჩნდით. თავდაპირველად ვიმედოვნებდი, უნგრეთიც შეძლებდა საჭირო მკურნალობის კურსით უზრუნველყოფას, თუმცა შევცდი და 5 თვე ვიბრძოლეთ იტალიაში წასასვლელად.“



პატარა თეკლა ახლა სტაბილურადაა, პერიოდულად აკითხავენ კლინიკას საჭირო თერაპიის მისაღებად.
თეკლა მალე 4 წლის ხდება და ფაქტობრივად მხოლოდ 5 თვე იცხოვრა საქართველოში. მშობლები ბევრს ელაპარაკებიან მშობლიურ ქალაქზე, ქვეყანაზე და პატარას შორიდან უყვარს თავისი ეზო-ყურე.

ანანო ამბობს, რომ უცხო მიწაზე ცხოვრება რთულია, მითუმეტეს მაშინ,როდესაც იქ ჯანმრთელობის პრობლემით მიდიხარ.
როდის დაბრუნდებიან რომიდან, ჯერ არ იციან, თანაც, წამალი, რომელიც თეკლას სჭირდება, საქართველოში არ დარეგისტრირებულა. ანანო იმედოვნებს, რომ მედიცინა მეტად განვითარდება ჩვენს ქვეყანაში და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას შეძლებენ.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია