შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანიდან 2 თვის ბავშვი ხველებით და სიცხით თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2 თვის ბავშვი ხველით და მაღალი სიცხით თბილისში, ბავშვთა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურჯაანის ფილიალის ექიმი ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე განმარტავს, რომ ბავშვს და მის ოჯახს აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში არ ყოფილან.

,,ორი თვის ბავშვს ჰქონდა გაციების სიმპტომები და თავიდან არ ჩავთვალეთ საეჭვოთ. თუმცა, გასულ ღამეს, ბავშვის დედის თქმით, მცირეწლოვანს ახველებდა მთელი ღამის განმავლობაში. მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავიყვანეთ თბილისის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდება შესაბამისი კვლევა და ანალიზები.

ოჯახი 16 მარტს დაბრუნდა თურქეთიდან და უნდა ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, თუმცა არ იცავდნენ ამ წესს. აღნიშნული ოჯახის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. ასეთი პირების შესახებ ინფორმაციას მედიიდან, მეზობლებიდან და სხვადასხვა სამსახურებიდან ვიღებთ. ვთხოვთ ყველას, გააქტიურდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია საზღვარგარეთიდან შემოსულ პირებზე”, – განუცხადა knews. Ge-ს მარინა კაპანაძემ.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ორი მამაკაცი მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმტომებით გორისა და თბილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთს აქვს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია, ხოლო მეორე იმყოფებოდა ქუთაისის აეროპორტში. არცერთი მათგანი თვითიოზოლაციის წესებს არ იცავდა.

Knews. Ge ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია