შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Covid-19 -თან ბრძოლის ახალი ეტაპი – ოჯახის ექიმები ,,ფრონტის წინა ხაზზე“

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020

ახალი კორონავირუსი, რომელსაც ადამიანებმა უხილავი და ყველაზე საშიში მტერი უკვე უწოდეს, საქართველოში გავრცელების აქტიურ ფაზაში შედის. ყოველდღიურად იზრდება ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენაობაც. მედიკოსები ამბობენ, რომ სულ მალე პროცესში ოჯახის ექიმებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

მართალია კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრების მიზნით თელავში, ისევე როგორც საქართველოს 7 ქალაქში, საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. 4 ლოკაციაზე განთავსებულ ბლოკპოსტებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ახალ რეგულაციებს და გაიდლაინებს ელიან ოჯახის ექიმები, რომლებსაც საშიშ ინფექციასთან ბრძოლაში შესაბამისი ინსტრუქციებით და პროტოკლით ერთ-ერთი მთავარი როლი ექნებათ. მათ ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.

ექიმი- ინფექციონისტი შოთა რაინაული მიუთითებს, რომ სულ მალე ამბულატორიების ექიმები ,,ფრონტის წინა ხაზზე“ აღმოჩნდებიან. ის ამბობს, რომ თავად მათ ადგილზე ყოფნას არ ისურვებდა. შოთა რაინაული ამ ეტაპზე პაციენტებს შესაბამის სატელეფონო კონსულტაციებს სახლიდან უტარებს. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროტოკოლის დაცვაა, რომელიც ყველასთვის ერთია: ,,დარჩით სახლში!“

,,ერთი პროტიკოლი მოქმედებს ქვეყანაში და ერთი გაიდლაინი, -ეს სახლში დარჩენაა. მე კერძო კლინიკა მაქვს. იმის გამო, რომ ამ ეტაპზე არ არის აქტუალური გეგმიური პაციენტების მიღება, თუ გადაუდებელი სიტუაცია არ არის, შეზღუდული ვარ, როგორც სადეზინფექციო საშუალებებით, ასევე, დაცვის სხვა მექანიზმებით. ( მაქვს, მაგრამ, ამოუწურავი არაფერია), მე ვარჩიე პაციენტების დახმარება სატელეფონო კონსულტაციებით, თუ ძალიან აუცილებელი არ არის მიღება. ყველაზე დიდი დატვირთვა ოჯახის ექიმებს ექნებათ და არ ვისურვებდი მათ ადგილზე ყოფნას. ბევრი რამ სწორედ მათ მიერ დაავადების ფაქტების სწორად გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული. ფაქტობრივად, ,,ფრონტის წინა ხაზზე „ არიან: ვის, ვისთან და რა კონტაქტი ექნება, ამიტომ გამძელეობა მინდა ვუსურვო მათ. პირველი დარტყმა სწორედ მათზე იქნება და სწორედ მათ უნდა აიცილონ. დაავადებულები შესაბამისი სიმპტომებთ უნდა გამოვლინდნენ, სატელეფონო კონსულტაციების შედეგად და საჭიროების შემთხვევაში ადგილზეც მივლენ, ანალიზებს გააკეთებინებენ, რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარების რეკომენდაციებს მისცემენ“, – განუცხადა knews-ს შოთა რაინაულმა.

მაგრამ რამდენად მზად არიან ოჯახის ექიმები ახალ გამოწვევასთან საბრძოლველად, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება? აქვთ თუ არა სოფლის ამბულატორიებს შესაბამისი ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან? სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მომუშავე ექიმები და ექთნები იძულებულნი არიან, საკუთარი მიზერული ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან, თუ არ ჩავთვლით საწყის ეტაპზე გადაცემულ მცირე რაოდენობის ხელთათმანებს, შეიძინონ პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები, რაც მინიმალური ღონისძიებაა ვირუსისგან თავის დასაცავად.

წინანდლის ამბულატორიის ოჯახის ექიმი ცისანა მახათელაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ თავდაცვისთვის საჭირო საშუალებები მომარაგებული აქვთ. მახათელაშვილი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე ამბულატორიაში მკვეთრად შემცირებულია პაციენტების მიღება, რომლის მიზანია ვირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია.

,,თუ აუცილებლობა იქნება, ყველაფერი გვექნება. სუნთქვის აპარატები არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს, რადგან ეს არის რეანიმაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალება და-არა ამბულატორიის. ამ ეტაპზე საკმაოდ შემცირებული გვაქვს პაციენტების მიღება, რადგან ,,დარჩით სახლში“ – პრინციპით ვმოქმედებთ. ვირუსული ჩივილებით არავინ მოდის. მოდიან, ძირითადად, გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და სხვა. რაც შეეხება ახალი კორონავირუსის ფაქტების გამოვლენას, ყველაფრისთვის მზად ვართ. პაციენტები ტელეფონით უნდა დაგვიკავშირდნენ და გვითხრან, თუ რა ჩივილები აქვთ და ჩვენ საჭირო მიმართულებით გავგზავნით“, – ამბობს ,,knews”-სთან საუბრისას ცისანა მახათელაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელოს“ კახეთის რეგიონული ხელმძღვანელი, პროფესიით ექიმი ვასილ კობიაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის ექიმებს ახალი გაიდლაინი აქვთ მიღებული და მათი მუშაობის მიმართულებით, გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა.

,,ოჯახის ექიმებს ამ ეტაპზე აქვთ პირველადი დაცვის საშუალებები, რომ ინფექცია არ გადავიდეს. ესაა: პირბადეები, ბახილები-ფეხზე და ჩაჩი. მათ ზუსტი და მკაცრი პროტოკოლიც აქვთ, თუ როგორ უნდა დააფიქსირონ და გამოავლინონ ვირუსი, იქნება ეს სიცხე, ხველა, სხვა დაავადებულთან შემხებლობა და სხვა. ისინი ვალდებულნი არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ გამოუძახოს ,,112“-ს, რომელიც კრეფს ყველა ანამნეზს და პაციენტი გადაჰყავს სასწარაფო დახმარების მანქანით“,-აცხადებს ვასილ კობიაშვილი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოჯახის ექიმების გადამზადება დაწყებულია. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები მომავალ კვირას ქვეყნის რეგიონებში ჩავლენ და ოჯახის ექიმებს შესაბამის ინსტრუქციებს ადგილზე გააცნობენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია