შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იზოლაციის დროს წასაკითხი წიგნები – ტორესა მოსის რჩევები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020

დატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ჩვენს ცხოვრებაში წიგნებისთვის დრო თითქმის აღარ რჩება. ახლა კი, როდესაც უმეტეს დროს სახლში ვატარებთ, წიგნებისთვის უამრავი დრო გვაქვს. გავხადოთ ეს მდგომარეობა, პოზიტიური და სარგებლიანი.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია ტელეწამყვანი ტორესა მოსი, რომელიც წარმოგიდგენთ წიგნებს ანოტაციებთან ერთად, რომელიც იზოლაციის დროს უნდა წაიკითხოთ.

ნაწილი II

მართალია ასეთი გლობალური კრიზისი პირველად ხდება, მაგრამ საქართველოში ეს მაინც და მაინც იშვიათი არ არის. ჩემი ცხოვრების 35 წლის განმავლობაში ოთხ ომს მოვესწარი, არაფერი რომ არ ვთქვა პირად ჩავარდნებზე. შესაბამისად, მაქვს გარკვეული წიგნები, რომლებსაც ხშირად ვუბრუნდები ხოლმე. ეს წიგნები ძირითადად პოზიტიურია, ოპტიმისტურია და აქ სიკეთე ბოლოსდაბოლოს ბოროტებას ამარცხებს. ალბათ ამიტომ ყველაზე რთულ დროს, სწორედ მათ ვაფარებ ხოლმე თავს – ტორესა მოსი.

1. აინ რენდის ატლანტმა მხრები გაშალა

ეს ძალიან სქელტანიანი წიგნია, თუმცა ულისესთან შედარებით გაცილებით მარტივად იკითხება. მე ვფიქრობ ამ წიგნის გარეშე ძალიან რთულია გაიგო როგორაა მოწყობილი ჩვენი ადამიანური სამყარო, რა არის ის ფუნდამენტური თამაშის წესები, რომლებიც მილიონობით ადამიანს მართავს.

2. რობერტ მუზილის უთვისებო კაცი

ეს ასევე სქელტანიანი რომანი, მე ვიტყოდი მიკროსკოპული სიზუსტით აღწერს ადამიანის შინაგან სამყაროს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია მეოცე საუკუნის ლიტერატურაში. ეს არის დეტალებით მოთხრობილი დიდი ამბავი როგორ მწიფდება პირველი მსოფლიო ომი. პროცესებზე, რომლებმაც მთელი მსოფლიო ჩაითრია ამ დიდ და გლობალურ კატასტროფაში, მაგრამ ეს არ არის ომის ან ომის წინა პერიოდის უბრალო აღწერა. ის გვიყვება იმ დეტალებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

3. თომას მანის ჯადოსნური მთა

ეს დიდი რომანია და არა მხოლოდ მისი ზომის გამო. ეს არის ევროპული ინტელექტუალური რომანის ერთ-ერთ მწვერვალად აღიარებული წიგნი. საოცარი ოსტატობის გარდა ის მრავალშრიანი და მრავალ თემაზე ღრმად დამაფიქრებელი ნაწარმოებია. ესაა ამბავი ადამიანზე, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას, ამბავი ჩვეული ცხოვრებიდან მოწყვეტასა და ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში ცხოვრებაზე. ასე, რომ ალბათ ეს წიგნი ყველაზე ახლოსაა იმ მდგომარეობასთან, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით.

4. პოლ ოსტერის 4321

პოლ ოსტერის ძალიან სქელტანიანი წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ, ალბათ მეოცე საუკუნის ყველაზე საინტერესო ეპოქაზე მოგვითხრობს. ამერიკულ 60-იან წლებზე, რომელმაც არა მხოლოდ ამერიკელების ცხოვრება შეცვალა, არამედ კულტურული რევოლუცია მოახდინა და მთელ პლანეტაზე გამოიწვია ცვლილებები. ის ამ თანამედროვე ამერიკელი მწერლის შემოქმედებაში ჯერ-ჯერობით მთავარ ნამუშევრად ითვლება და ჩემი აზრით სრულიად სამართლიანად.

5. ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე (ბრლიკას)

ამ რომანმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული რომანია. წიგნი ჯაშების 7 თაობის ისტორიას მოგვითხრობს და ამ ოჯახის ფონზე ჩვენ თვალწინ იშლება მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფები. ეს წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს პლანეტა ჩვენი ყველას საერთო სახლია და სადღაც შორს მომხდარი ამბები, შეიძლება შეუქცევადად აირეკლოს ერთი ადამიანის და ერთი ოჯახის ცხოვრებაზე. ამავდროულად ეს არის საბჭოთა ჯოჯოხეთისა და პოსტსაბჭოთა საქართველოს ალბათ ყველაზე საინტერესო აღწერა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ასე, რომ არ გაუშვათ სახლში ჯდომის შესაძლებლობა და აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი რომანი.

6. აკა მორჩილაძის სანტა ესპერანსა

ეს საკმაოდ სქელტანიანი ნამუშევარი, ალბათ 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართული პოსტმოდერნული რომანია. ბანქოს პრინციპით დაწერილი ტექსტი, სხვადასხვა თანმიმდევრობით შეიძლება წაიკითხოთ და კითხვის პროცესი შეიძლება თამაშადაც იქცეს, მაგრამ ამის მიღმა ეს არის ძალიან ღრმა და მრავალშრიანი ტექსტი. რომანი, რომელშიც შეხვალ და არ შეგიძლია დაიჯერო, რომ ეს მწერლის გამოგონილი სამყაროა, შეიძლება ჩემნაირად დაგემართოთ და სანტა ესპერანსაზე გასამგზავრებლად გუგლვაც კი დაიწყოთ იმ იმედით, რომ ის სადღაც მართლა არსებობს და ოდესმე იქ გამგზავრებას თქვენც შეძლებთ. და წაკითხვის შემდეგ ვერასოდეს დაივიწყებთ პრაგმატულ, მდიდარ, დაუნდობელ, გაქნილ და ახირებულ ვისრამიანებს, ყველაზე უცნაურ და ამავდროულად ყველაზე ნაცნობ სუნგალებს, მოგინდებათ მართლა გაიცნოთ აზარტული ფარნა მედროშე და ინტში მისი მეწყვილე დათა ვისრამიანი, იფიქრებთ, რომ სადღაც შეგხვედრიათ მონიკა უსო დი მარე და მიკ ჯაგერივით ბიჭურად დაბერებული ლამურ მოხეტიალე. ზოგადად ძნელად შეხვდებით აქ ისეთ პერსონაჟს, რომელიც რაღაც ძალიან ნაცნობისა და ახლობლის შეგრძნებას არ გაგიჩენთ. ასე, რომ ცოტა მშურს კიდეც მათი, ვისაც ამ წიგნის პირველად წაკითხვის სიხარული ელოდება. მე კი მას კიდევ ერთხელ წავიკითხავ დიდი სიამოვნებით.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია