შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებას განაახლებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება.

საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.

როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შევიდა 279 შეტყობინება, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

,,რაც შეეხება ტარიფებს, კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს’,- აცხადებენ სტომატოლოგთა ასოციაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც სტომატოლოგიური კლინიკების ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა, ისინი შემდეგ ვალდებულებებს გულისხმობს: დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხ მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი.

კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით.

პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია