შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებს კახეთში ბიზნეს ინტერესები აქვთ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2020

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია “სერპანტინმა” 2013-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია კვლავ აგრძელებს სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებას. ,მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, 2020 წლის იანვარ-აპრილში, “სერპანტინმა” 7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერები მოიგო.

კვლევის მიხედვით, “სერპანტინი” 2020 წელსაც ინარჩუნებს დომინანტურ მდგომარეობას კახეთის რეგიონში.

,,გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია “სერპანტინი” 2020 წელსაც განაგრძობს მსხვილი სახელმწიფო ტენდერების მიღებას. კომპანიამ 2020 წლის იანვარ-აპრილში 17 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ში გაიმარჯვა.

კომპანიამ ყველა ტენდერი თელავის, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისგან მიიღო. მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ მხოლოდ 2020 წლის დასაწყისიდან 7 მილიონ 249 ათასი ლარი შეადგინა.

“სერპანტინმა” 16 ტენდერიდან 6-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით კომპანიამ 1 მილიონ 486 ათასი ლარი მიიღო.

“სერპანტინის” მიერ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის საერთო ოდენობამ 2013-2020 წლებში უკვე 112 მილიონ ლარს გადააჭარბა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა და დაადგინონ, გიორგი ზედელაშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებს ხელსაყრელი პირობები ხელოვნურად ხომ არ ექმნებოდათ”,- აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია