შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„თვალი დამადგა“, „ფიქრებმა გამიტაცა“ - უჩვეულო ილუსტრაციები ქუთაისელი გრაფიკოსისგან

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2020

 ქართული ფრაზებისა და გამონათქვამების საინტერესო ილუსტრაციები ქუთაისელმა  გრაფიკოსმა კესო გველესიანმა შექმნა, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.  „თვალი დამადგა“,  „ფიქრებმა გამიტაცა“,   „გული მომიკლა“ , -  ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცნობილი ქართული ფრაზებისა და გამონათქვამებისა, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერმა საინტერესო ინტერპრეტაციით  შემოგვთავაზა.  

 „ნიუპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს  მხატვარ, გრაფიკოს-დიზაინერ კესო გველესიანთან.

- კესო, გვიამბე შენს შესახებ...

- ვარ ქუთაისიდან, 24 წლის, ვსწავლობდი მე-19 საჯარო სკოლაში, შემდეგ განათლების მიღება მოსკოვში გავაგრძელე. მივხვდი, რომ რუსეთში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, არ მომწონდა იქ და მალევე დავბრუნდი საქართველოში. ჩავაბარე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვსწავლობდი  ფსიქოლოგიურზე, შემდეგ ხატვის შესწავლის სურვილი გამიჩნდა. ჩავაბარე სამხატრო აკადემიაში  და ახლა ვარ  მე-2 კურსის სტუდენტი. ვსწავლობ, მედია ხელოვნების ფაკულტეტზე,  გრაფიკული დიზაინერის მიმართულებით, ვარ დამწყები გრაფიკოსი.

- როდის აღმოაჩინე ხატვის ნიჭი? რა არის შენთვის ხელოვნება ?

- აი, ასე ერთ დღეს გავიღვიძე და უბრალოდ, მინდოდა რამე დამეხატა, ამ დიდმა სურვილმა გადამაწყვეტინა ვყოფილიყავი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. ხელოვნება ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის საშუაებაა.

-  კესო, შენმა იდეამ გაგეცოცხლებინა და ორიგინალური გზით წარმოგეჩინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ  გავრცელებული ქართული ანდაზები და ფრაზები, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. საიდან გაჩნდა  სახალისო ილუსტრაციების შექმნის იდეა და რა/ვინ იყო  ინსპირაციის წყარო ?

- გასულ ზაფხულს, ზუსტად არ მახსოვს, სადღაც გავიგონე ერთ-ერთი ფრაზა და გამიჩნდა იდეა, ჩანახატი გამეკეთებინა. შემდეგ, ვაგროვებდი ფრაზებს, ვუსმენდი მეგობრებს, ახლობლებს, იქნებ რაღაც სიტყვა დამეჭირა, დავიწყე ქართული გამონათქვამების მოძიება. თავიდან 10 ილუსტრაცია შევქმენი და დავდე ჩემს „ფეისბუკ“ გვერდზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. საზოგადოების დაინტერესებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა.

- შენი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს ?  

- ალბათ, „კენჭის გავლა“ და  „თვალის გადავლება“.           

   

- კომპიუტერული ილუსტრაციების გარდა, ბევრი კარგი ნახატი გაქვს, გამოფენაზე ხომ არ გიფიქრია ?

ჯერჯერობით, არა. მგონი ჯერ ადრეა, არ მინდა ამბიციურად გამოვიდეს. 

 

                  

- საინტერესო იქნება ამ ილუსტრაციების პრინტ ვერსიის შექმნა..  საკუთარ ბრენდზე არ გიფიქრია ?

 - მაქვს ჩემი ბრენდი „რიდე“, ჯერჯერობით, მხოლოდ აბრეშუმის შარფებზე ვპრინტავ  ნამუშევრებს, ძირითადად ორნამენტებს. სამომავლოდ, ვფიქრობ, ქართული გამონათქვამების ილუსტრირებული მაისურები დავამზადო.

- ქუთაისს თუ უკავშირებ შენს  სამომავლო გეგმებს?

რა თქმა უნდა, ჩემი შარფები უკვე ქუთაისშიც იყიდება, ბევრი გეგმა მაქვს „რიდესთან“ დაკავშირებით, ჯერჯერობით, ორიენტირებული  ვარ სწავლაზე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და დავაგროვო გამოცდილება.

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია