იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში „ნატოს სკოლა 2019“ გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2019

 

ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში, ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში „ნატოს სკოლა 2019“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას ქუთაისის 20 საჯარო სკოლის ამდენივე მოსწავლე იღებს. მსმენელები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან ნატოს შექმნის ისტორიას, საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპებს და იმ მითებს, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული.

 

ორდღიანი ტრენინგის შემდეგ სკოლის მონაწილეები მოამზადებენ თემატურ პრეზენტაციას და თანატოლებს თავად მიაწოდებენ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ.


სკოლა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ არის ორგანიზებული, რომლის პარტნიორია ქალაქ ქუთაისის საკრებულო. სკოლის გახსნას მოწვეული ექსპერტი ნათია გვენეტაძე და ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია დაესწრნენ.


„ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.  აქედან გამომდინარე, ამ სკოლის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა მეტი ახალგაზრდის ინფორმირებულობა პირდაპირი კომუნიკაციის გზით მოვახდინოთ“ - აღნიშნა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.


საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა..


ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია