შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეპუტატ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეებს პატიმრობა შეეფარდათ

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2020
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატის ენზელ მკოიანის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორ პირს შეეფარდა. კერძოდ, სამველ პეტროსიანის გარდა პატიმრობა შეეფარდა ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმიშვილს არმენ მკოიანს, რომელიც 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაში ასევე იყო ჩართული.

პროკურატურის ინფორმაციით, სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2020 წლის 31 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ქ. ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე ბრალდებულებს ს.პ.-ს და ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. ს.პ.-ს და ა.მ. -ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. მკოიანის მტკიცებით, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს.

„მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება გავაკეთო რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე. 26 მარტს, სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაჟორიტარი, რომელიც დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩემს ოჯახს და ამჯერად, პირადად ჩემი მოკვლა სცადა. სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით, განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ჩემი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა“, - აცხადენს ენზელ მკოიანი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია