შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის თოჯინების თეატრი ახალ სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გახსნის

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში იწყებს.

18 იანვარს, 15:00 საათზე ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „ჩხიკვთა ქორწილის“ პრემიერა გაიმართება; რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის შენობა, გამაგრდა საძირკველი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სცენის კონსტრუქცია და დარბაზი აღიჭურვა ახალი განათება-გახმოვანების აპარატურით. თეატრი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

თეატრის შენობისა და ეზოს სრული რეკონსტრუქცია სამინისტროს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო, რაზეც 585 178 ლარი იყო გათვალისწინებული.

საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგება მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს. კატალოგის ავტორია ლაშა გაგოშიძე.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის „თეთრი ფინია“ გახლდათ.

დაარსებიდან დღემდე თეატრის დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა – 73 სეზონის განმავლობაში თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა.

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში დღეისათვის ოცდაშვიდი მოქმედი სპექტაკლია, წარმოდგენები გათვლილია როგორც პატარა, ასევე, მოზრდილი ასაკის მაყურებლისთვის

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია