სამცხე-ჯავახეთი
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
05 მარტი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ 2018 წლის მარტში, ვალეში, კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმეზე ძიება კვლავ გრძელდება და შედეგი ჯერ ცნობილი არ არის. უწყებიდან შეკითხვაზე, თუ რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც დამწვარ ნივთებს ჩაუტარდა, პასუხი ვერ მივიღეთ. გამოძიების შედეგებზე არც საქართველოს მთავარ პროკურატურაში საუბრობენ: „ამ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მას მიმართეთ“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება ექსპერტიზის პასუხსა და გამოძიების შედეგებს ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მიხეილ სურმავა: „ბევრჯერ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ გამეგო მიზეზები, ან ექსპერტიზის პასუხი, თუმცა ყოველთვის მეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ წესრიგში ყოფნას რას ეძახიან არ ვიცი“.2018 წლის 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით დაიწყო. მაშინ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში სამცხე–ჯავახეთის ოლქის უკვე ყოფილი პროკურორი შოთა რიჟამაძე აცხადებდა, რომ როგორც კი საქმეს ბრალდებული, ან დაზარალებული ეყოლებოდა, ინფორმაციას გაავრცელებდა. თუმცა მას რეგიონის დატოვება ისე მოუწია, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერია. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]