ოკუპირებულ გალის რაიონში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი
კვარაცხელიას ნახევარძმა პაატა უზარაშვილი
ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. როგორც მან „ლაივპრესს“
განუცხადა, გარდაცვლილს თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნება სილურჯეები,
ხოლო თვალის არეში აქვს ნახეთქი ჭრილობა. პაატა უზარაშვილის თქმით,
მისი ძმა წამებისას შემოაკვდათ და შემდეგ თვითმკვლელობის სცენა
დადგეს.
„ნაწამებია და ნაცემია საწყალი ბიჭი. თვალთან არის დარტყმული და
ნათლად ჩანს, რომ ის ადგილი დახეთქილია. მეორე თვალთანაც დალურჯებული
აქვს. აქვს დაბეჟილობები შუბლზე, მუცელზე, კუჭის თავთანაც არის
გაშავებული, დაახლოებით 5-10 სანტიმეტრი. შემდეგ გალურჯებულია
ნეკნების მხარეც და სადაც ბარძაყი იწყება, ის ადგილიც. ასევე, ზურგზეც
არის სილურჯეები. ერთი სიტყვით, ნაწამებია“, - თქვა პაატა
უზარაშვილმა.
მისი სიტყვებითვე, ირაკლი კვარაცხელიას დაკავება მართლაც
ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან მოხდა, როცა ის ზუგდიდში
გადმოსვლას ცდილობდა. პაატა უზარაშვილის სიტყვებით, ფაქტს შეესწრო
მისი მეგობარი, რომელიც შეშინებული, ოდნავ მოშორებული ტერიტორიიდან
აკვირდებოდა მომხდარს. გარდაცვლილის ნახევარძმა სწორედ ამ მეგობარზე
დაყრდნობით ირწმუნება, რომ დაკავებისას ირაკლი კვარაცხელია ნასვამი
იყო, სიტყვიერი და ფიზიკრი შეურაცხყოფა მიაყენა ე.წ. რუს
მესაზღვრეებს, რომლებაც მას ცემა დაუწყეს და მანქანაში ძალის
გამოყენებით ჩასვეს.
„ვერ მოითმინა და პირველი ამას აქვს ხელი დარტყმული. ცოტა ნასვამი
ყოფილა. ამათაც არ გაუტარეს“, - ამბობს პაატა უზარაშვილი.
მისი ინფორმაციით, ბოლო ათი დღე ირაკლი კვარაცხელია გალში იმყოფებოდა
ნათესავებთან, რადგან აჩიგვარაში, მის მშობლიურ სახლში აფხაზი ოჯახი
ცხოვრობს. ამბობს, რომ ძმასთან ბოლო 2 წელია კომუნიკაცია არ ჰქონია.
პაატა უზარაშვილისვე განმარტებით, მიუხედავად მისი მცდელობისა, თავად
ირაკლი კვარაცხელიას არ სურდა ნახევარძმასთან და სხვა ნათესავებთანაც
ხანგრძლივი ურთიერთობა. მიზეზი მათთვის გაურკვეველია.
29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს
გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ
მან სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.
ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში
13 მარტს
გადმოასვენეს მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის
პასუხსაც ნათესავები დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან.
29 წლის მამაკაცის ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაშია
დასვენებული, იქ სადაც დევნილობის შემდეგ ბებიასთან ერთად წლების
განმავლობაში ცხოვრობდა. მას კვირას, სენაკის ძმათა სასაფალაოზე
ბებიისა და დედის გვერდით დაკრძალავენ.