ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე დაინიშნა, ინფორმაციას კუკლტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ის ამ პოზიციას 4 წლის ვადით, მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
გიორგი თავაძემ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს დაამთავრა.
1999–2000 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის, ხოლო 2001–2006 წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, 2006–2013 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.
გიორგი თავაძის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში, ი. სამსონაძის „იქ სადაც ღვარად მოედინება" და „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმამ ბათუმის თეატრში წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომი მოუტანა), თ. ჭილაძის „ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად), ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში - ვ. სიხარულიძის „გარეუბნის მარტოსახლი", სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა) - ლ. ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი", ბათუმის დრამატულ თეატრში – ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში" და სხვა.
გ. თავაძეს მიღებული აქვს სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიები.
გიორგი თავაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა, მას ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული.