შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაჩუმებულები ვართ ყველაფერზე, თევზივით გვაქვს პირში წყალი ჩაგუბებული"-გურულების პროტესტი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019

"მიაქვთ და მიაქვთ ყველაფერი. ხიდი დეინგრევა, სასაფლაოს ძირი გამოუთხარეს. მე რომ მკვდარი და ცოცხალი შეგაგინოთ რას იზამთ? ჰოდა, მე რატომ მითხრიან ჩემი მკვდრების სამარის ძირს? მოშორდნენ აგენი აქედან"-ამბობს აქციაზე მისული სოფელ წითელმთის მკვიდრი 70 წლამდე მამაკაცი, რომელმაც ჩათვალა, რომ  მისი სახელის და გვარის მითითება სულაც არ იყო საჭირო, რადგან, ისიც იმ საერთო პრობლემაზე გვესაუბრებოდა, რასაც დღეს აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში, ათეულობით ადგილობრივმა გზა გადაკეტა. ისინი მდ,. ბჟუჟზე კარიერების მუშაობის შეჩერებას და მისი სანაპიროების ნაკრძალად გამოცხადებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მასშტაბური და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.  

ბეჟან თოდრაძე: "გაგვიფუჭეს, გაგვიოხრეს გზა. ერთი ლაფათქა ხრეში არ დაუყრიათ, რომ ის ორმოები ამოევსოთ. რაც გაკეთებულია, იმასაც ანგრევენ. ძვლივს ეღირსა სოფელს ასფალტიანი გზა და ააოხრეს ყველაფერი. დეიხუროს ეს კარირერები და გამოცხადდეს ნაკრძალად. თუ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, დევიდგამთ სკამს აგერ შუა გზაში და დავჯდებით"

ოთარ თოდრაძე: "სოფელი განადგურდა, ჩვენი ხეობა განადგურდა. გააქვთ ინერტული მასალა და მდინარე დაშრა, გზა გააფუჭეს. გვინდა, ეს ტერიტორია გამოცხადდეს ნაკრძალად. სოფელს რომ დაგვჭირდა, ხრეში არ მოგვცეს მაქედან, არ შეიძლებაო.  ჩვენთვის არ შეიძლება და იმათთვის შეიძლება. გამოეცლება ხიდს ძირი და ესეც თავზე დაგვენგრევა".

მიქაძე ალეკო: "8 თის უკან გვყავდა აქ წარმომადგენლები კარიერებიდან და გვითხრეს, აქ მოწესრიგდება ყველაფერი, საკალმახე გაკეთდებაო, გალამაზდება სოფელიო. ასე იყო შეთანხმება, მაგრამ მას მერე, გაკეთება კი არა, მოშალეს ყველაფერი. მერე, ინერტული მასალა უნდა აეღოთ ორი მეტრის სიღრმიდან და ჩავიდნენ 4 მეტრზე. ამან დაშრიტა წყალი და გამოშრა მდინარე.  სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მთლიანად გამოთხრილია. იქ ვერ მივდივართ. კანონის ფარგლებში გაკეთდეს რასაც აკეთებენ, ნუ არის ამხელა შეუსაბამობა. სოფელს ნუ აზიანებენ".

ბენო სამხარაძე: "გაჩუმებულები ვართ ყველაფერზე. თევზივით გვაქვს პირში წყალი ჩაგუბებული, მაგრამ არ შეიძლება ხალხო ასე. ჩემი მიცვალებული რატომ უნდა წაიღოს წყალმა? სად არის ასე? ვიღაცას ფულის გაკეთება უნდა და ყველაფერს აოხრებს ირგვლივ? ამის რჯული არ იყოს, აქ საჭირო რომ არ ყოფილიყო ქვიშა და ღორღი, კი არ მოიტანდნენ თავის დროზე. ან დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას და შეჩერდება ეს კარიერები, ან არადა, რასაც უშვებოდნენ სხვა ხელისუფლებას ხალხი, როცა მისი არ ესმოდა, იმას ვუზამთ აგენსაც".

ლონგინოზ მითაიშვილი: "ბაღანას მდინარეზე ვერ ჩეიყვან, ვერ აბანავებ. გამოთხარეს ძირი ყველაფერს. გზაი არ გვივარგა და კვალი. ცოტა მოგვხედონ, მოგვაქციონ ყურადღება"-აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

მათი განცხადებით, გარდა იმისა, რომ სოფელში სატვირთო მანქანების მოძრაობამ მთლიანად მოშალა და მწყობრიდან გამოიყვანა გზა, მდინარეზე არსებულმა კარიერებმა დააშრო ჭები და ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა შეუქმნა.

მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს ბჟუჟის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდეს და იქ კარიერების მუშაობა შეწყდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია