შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაისურაძე, სამსონიძე, გიქოშვილი – ყოფილი თანამშრომლები ახალციხის ციხის წინააღმდეგ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აპრილი 2019
საქმის მწარმოებლის მაია მაისურაძის, გათბობა–გაგრილების სპეციალისტის ვეფხვია სამსონიძის და გამწვანების სპეციალისტის რეზო გიქოშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე დაიცავს. ადვოკატი ახალციხის ციხის ყოფილ თანამშრომლების სარჩელს სასამართლოში ხუთ მაისამდე შეიტანს. დღეს, 16 აპრილს კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ახალციხის ციხის ადმინიტრაციისგან იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, რის საფუძველზეც თანამშრომლები გაათავისუფლეს.„განცხადებაში წერია, რომ ესენი გათავისუფლებულები არიან ოპტიმიზაციის გამო. თანამშრომლების გათავისუფლება ციხის დირექტორმა და ქალაქის მერმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ უნდა ჩატარდეს კვლევა, კონკურსი და სპეციალურმა კომისიამ უნდა დატოვოს საუკეთესო 40%. გარდა ამისა, ოპტიმიზაციის შესახებ ცალკე ბრძანება იწერება, რომ მაფრთხილებ ოპტიმიზაცია უნდა ჩავატაროო, ბრძანების შესაბამისად მაფრთხილებ და მე აქ ბრძანება ვერ ვნახე“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე ექვსი თანამშრომლიდან ხუთის სამსახურში დაბრუნებას 10 მაისიდან გეგმავს, მათ ხელშეკრულებით, ტურისტული სეზონის დასრულებამდე აიყვანს.„როდესაც ჩემთან იყვნენ შემოსულები და ვითარებაში გარკვევა ითხოვეს, მე ვუთხარი, რომ ისინი დაბრუნდებიან სამსახურში, როცა ხელშეკრულებით ავიყვან თანამშრომლებს. გუშინაც მქონდა მათთან პირადი საუბარი, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. მარტო ქალბატონი მაიაა გამონაკლისი, რადგან ფიზიკურად არ არსებობს არანაირი შტატი და ადმინისტრაციაში არავინ არ გვყავს ისეთი, რომ რამე დავამატოთ ახალი, რომელიც შეესაბამება ამ პიროვნების ფუნქცია–მოვალებებს“, – ამბობს დავით ტაბატაძე.ირაკლი ბარძიმაძე ფიქრობს, რომ დავით ტაბატაძეს ეს "დროის მოგების" მიზნით უნდა, რადგან ხუთ მაისს გასაჩივრების ვადა იწურება.ვეფხვია სამსონიძე ახალციხის ციხეზე გახსნის დღიდან მუშაობს. როგორც თავად ამბობს, იგი ახალციხის ციხის დირექტორმა დავით ტაბატაძემ სამსახურიდან შეკამათების გამო გაათავისუფლა.„თუ უკან უნდა დავებრუნებინე ერთი თვის გულისთვის რაღას მათავისუფლებდა სამსახურიდან?! მაშინებს, თუ ჭკვიანად არ ვიქნები, ასე მოვექცევი ყველა თანამშრომელსო?! მე მიშვებს მასთან სიტყვიერი შეკამათების გამო. ეს მოხდა შემოდგომით, კრამიტი უნდა დაგვეტვირთა. კარგი კრამიტი ცალკე ეყარა, ცუდი ცალკე, დათომ მაინც დამტვრეულიდან დაგვავალა კრამიტების ამოღება, ვუთხარი ბარემ მოგეყვანა ნაგვის მანქანა და პირდაპირ იმაზე დაგვეყარა–მეთქი, ამაზე მოგვივიდა კამათი, როგორ გამიბედე შეპასუხებაო“, – ამბობს ვეფხვია სამსონიძე და ამატებს, რომ გასული წლის კამათი ახალციხის ციხის დირექტორმა ხუთ აპრილს თავის კაბინეტში გაახსენა – „რომ შევედი რატომ მიშვებ სამსახურიდან–მეთქი, მაშინ მითხრა რომ შემეპასუხე მაგიტომო. ასე მითხარი მე მენაგვე არავარო, მაგრამ ეს სიტყვები მისთვის მე არ მითქვამს“.ვეფხია სამსონიძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე არც საყვედური მიუღია და არც გაფრთხილება.ახალციხის ციხეზე მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები გასული წლის დეკემბერში გააფრთხილეს. რეორგანიზაცია მარტის ბოლოს დასრულდა, რის შედეგადაც გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია