სამცხე-ჯავახეთი
რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 აპრილი 2019
აბასთუმანში, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს უკან კლდის ფერდობზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. ტუბის მიმდებარედ ფართს კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ფლობს. „მანდ ივანიშვილი იკეთებს ვერტმფრენის დასაჯდომს, მაგიტომ ჭრიან კლდეს. აქამდე აბასთუმანში ეგეთი ადგილი არ იყო და ამიტომაც გადაწყვიტეს ეგრე“, – ამბობენ აბასთუმნელები. „ჩვენი დაფინანსებით არაერთი პროექტი ხორციელდება აბასთუმანში, თუმცა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის გაკეთება არცერთი პროექტით გათვალისწინებული არ გვაქვს“, – გვითხრეს ფონდ „ქართუში“. ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ აქ ხანძარსაწინააღმდეგო ავზებს აშენებენ და შესაბამისად გათვალისწინებულია სივრცე სახანძრო ვერტმფრენის დასაჯდომადაც. „ჩვენი დაკვირვებით ყველაზე მეტი ხანძრის შემთხვევა, სწორედ აბასთუმანში ფიქსირდება. ახლა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, უფრო გაიზრდება კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა და ხანძრის უფრო მეტი საფრთხე გაჩნდება, ამიტომ ვერტმფრენიც და სხვა ქვეითებიც მოახერხებენ აქედან წყლის აღებას და ხანძრის ჩაქრობას“, – გვითხრა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან საბანაძემ.მისივე თქმით, ავზების მშენებლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ნებრათვაც მათ გასცეს, ხოლო ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, ადიგენი მუნიციპალიტეტმა შეარჩია.„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდება ჩვენი ნებართვით, სხვანაირად ვერცერთი კომპანია დაცულ ტერიტორიაზე სამუშაოს ვერ განახორცილებდა. პროექტის დეტალები ზუსტად არ ვიცი, ერთადერთი რასაც მივაქციეთ ყურადღება ის არის, რომ მაგ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება და ამით ბუნებას ზიანი არ მიადგება“, – აცხადებს საბანაძე. მისი განმარტებით, ავზები წყლით ამავე ტერიტორიაზე არსებული არხებიდან შეივსება და აქ მოეწყობა ავზებამდე მიმსასვლელი გზაც. რა თანხაა გაწერილი პროექტის განსახორციელბლად და როდის უნდა დასრულდეს მისი მშენებლობა, ან რა ფართობს მოიცავს აღნიშნული სამუშაოები, ამ და სხვა დეტალებზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ ინფორმაციის გამოთხოვა წერილობით მოგვთხოვა. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ავზები შენდება, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიაა. ეს ადგილი კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა და აქ სამომავლოდ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]