გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეიძლება ხელისუფლება გაფუჭებულ ტელეფონს თამაშობს..."- ძაბირაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2019

„საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული „ოცნების" მიერ წამოწეული ყველა თემა „ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომაა, რომ მათი რეიტინგი სულ უფრო ეცემა, ამას თვითონ უწყობენ ხელს და რატომ აკეთებენ ამას, ან რისი იმედი აქვთ, არ მესმის", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

სწორად და გააზრებულად დაგეგმილი ოპერაცია ისე არ სრულდება, როგორც ეს დასრულდა. ოპერაცია ცუდად დაგეგმილი იყო. რაც მთავარია, ხელისუფლებას თავად ეპარებოდა ეჭვი, რომ იქ ყველაფერი მშვიდობიანად წავიდოდა, თორემ გაუგებარია დილის 8 საათზე 35 პოლიციელი რატომ აჰყვა იმ ტექნიკას, რომელმაც ჰესის მშენებლობა დაიწყო.

ხელისუფლებამ ან ბოლომდე არ გაიაზრა, ან შესაძლოა გაფუჭებულ ტელეფონთანაც გვქონდეს საქმე, როცა ვიღაცებმა იცოდნენ რეალური მდგომარეობა, ხოლო ვიღაცებს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუმცა, თუ ხელისუფლების იერარქიაში ვიღაცებმა არ იცოდნენ იქაური მდგომარეობა, მთლად უარესად ყოფილა საქმე.

საერთოდ, გაუგებარია, რას იგებდა ამ ნაბიჯით ხელისუფლება, ან რომელი თვალსაზრისით, რომელი კუთხით მოიგო. ვის არწმუნებენ, რომ ენერგეტიკა თურმე საჭიროა?! ეს არის დღეს პრობლემა?! ვინმე გამოდის ამის წინააღმდეგ და არ იცის, რომ ენერგეტიკა გვჭირდება, მაგრამ ყველაფერს ხომ ფასი აქვს?! ეს 5 მეგავატიანი ჰესი ღირდა იმად, რაც პანკისში მოხდა?! ყველაფერს ხომ თავისი წონა აქვს.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უბედურება დატრიალდა და მეზობელმა სახელმწიფომ ისინი აღიარა, ამის შემდეგ საქართველოში რჩება რამდენიმე ნაწილი, სადაც სახიფათოა ასეთი თამაშები. ერთ-ერთი ასეთი სახიფათო ნაწილი პანკისია. თუ ისტორია არ იციან, რაღაც ხომ უნდა ახსოვდეთ - როგორ იწყებოდა კონფლიქტები, ვინ როგორ იყენებდა ამ კონფლიქტებს და შეიძლება ასეთი ნაბიჯის გადადგმა ასეთ რეგიონში?!

როდესაც იგივე ჩეჩნეთიდან სულ იყო მიზანმიმართული მოქმედება, რომ პანკისის ხეობაში რაღაცნაირად ანტისახელმწიფოებრივი განწყობები გაჩენილიყო. 30 წელია ეს პროპაგანდა მიდის რუსეთის მხრიდან. როცა ხელისუფლება ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს, რაზე უნდა ილაპარაკონ - ენერგეტიკაზე?

პოლიციაზე ხელის აღმართვა ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ გაიხსენოს რა ხდება პარიზის ქუჩებში, იქაც ხდება შეტაკებები. არა მარტო საფრანგეთში, ძალიან ბევრგან მანიფესტაციებს ყველგან მოსდევს ასეთი რაღაცები.

სრულიად განსხვავებული რაღაცაა, როცა ლაპარაკია პოლიციელზე ხელის აღმართვაზე და სრულიად განსხვავებულია, როცა დაპირისპირებაა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ეს რომ იყოს, მაგალითად, რესტორანში ან ქუჩაში მომხდარი რაღაც პროვოცირება და პოლიციელზე ხელის აღმართვა, გასაგებია, მაგრამ ეს იყო მანიფესტაცია და აქ მოხდა შეხლა-შემოხლა საპროტესტოდ გამოსულ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის. მაშინ, იქნებ გვითხრან, რა ხდება ხოლმე ასეთ დროს დასავლეთში. თანაც, ისიც გავითვალისწინოთ, რომ პანკისის ხეობა პარიზი არ არის და არც ჩვენ ვართ საფრანგეთი.

წაგებული ნაბიჯი იქნება, თუ ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯებს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და ახალი კონფლიქტი მოჰყვება. ტყუილად არ მიხსენებია, როგორ იწყებოდა კონფლიქტები სხვაგან. გასაგებია, რომ იქ სხვა, გარე ძალების წაქეზებით ხდებოდა, მაგრამ ის ძალები არსად არ გამქრალან, აგერ არიან ცხინვალსა და სოხუმში. ახლა რაზე ვილაპარაკოთ, იმაზე, რომ თითოეული კადრი ამოვიღოთ და ვიღაც გავასამართლოთ, თუ იმაზე, როგორ გავანეიტრალოთ ეს სიტუაცია?

ის განცდა კი არ მაქვს, რომ მანიფესტანტებში ანგელოზები არიან, იქაც იქნება მეხუთე კოლონა, ისევე როგრც აქეთ არის მეხუთე კოლონა. ამიტომ, თუ ხელისუფლება თვითონაც მეხუთე კოლონა არ არის, უნდა ესმოდეს, რომ ასეთ რეგიონში გაცილებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს."- განაცხადა ძაბირაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია