სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა გვქონდა და ეს არავის მოსწონდა. თუმცა, არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა, - ასე გამოეხმაურა მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელების დაკავებას „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტი, კახა ებრალიძე.
როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, „ლანჩხუთის გურიის“ მეკარე რატი იმერლიშვილი სახლში დააკავეს. ფეხბურთელ ირაკლი ბაჯელიძეს კი ეძებდნენ. ებრალიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ახალი მწრთვნელი აიყვანეს.
“ბაზაზე ეძებდნენ ირაკლი ბაჯელიძეს და სახლიდან მეკარე რატი იმერლიშვილი აიყვანეს. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. იმერლიშვილი ერთი წელია, რაც ჩვენთან თამაშობს, ადგილობრივი ფეხბურთელია, ბაჯელიძე ოზურგეთელია და დაახლოებით, წელიწადნახევარია კლუბში ირიცხება.
რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოულოდნელი იყო, არასასიამოვნო ფაქტია, ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია საიდან უნდა მქონოდა. არასახარბიელო შედეგები გვქონდა და ეს არავის მოსწონდა. ახლა მწრთვნელი შევცვალეთ, ახალი მოვიყვანეთ და ამ საქმეზე ვიმყოფებოდი თბილისში, ახლა მივდივარ გურიაში.
სატურნირო მდგომარეობა ცუდი გვქონდა, მივმარეთეთ ცვლილებებს, ახალი მწრთვნელი, გელა სანაია მოვიყვანეთ, რომელიც კვალიფიციურია და გუნდის კრიზისული სიტუაციებიდან გამოყვანის გამოცდილება აქვს. სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა იყო. არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ებრალიძემ.