"არჩევნების საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან წინ მეორე ტურია, თუმცა წინასწარი შეფასებით, როგორც ყოველთვის არჩევნებს იგებს რესურსები და ის პარტია, ვისაც ეს რესურსები აქვს.
"პოლიტტექნოლოგიიის თვალსაზრისით, ახლა მთავარია, როგორ შეფუთავენ ამ პროცესს პოლიტიკური ძალები და როგორ მიაწვდიან საზოგადოებას" -აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" 19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგებზე გაესაუბრა.
არჩევნების საბოლოო შედეგების შეფასება ნაადრევია, რადგან წინ მეორე ტურია. ზოგადად კი, არანაირი სიახლე ამ არჩევნებში არ ყოფილა, როგორც ყოველთვის არჩევნებს იგებს რესურსები და ის პარტია, ვისაც ეს რესურსები აქვს.
პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, მთავარია, როგორ შეფუთავენ ამ პროცესს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები, გინდ გამარჯვებული და გინდ დამარცხებული და როგორ მიაწვდიან საზოგადოებას.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილის პოზიციები სუსტდება, ან მოკლევადიან პერსპექტივაში "ევროპული საქართველოს" პოზიციები გამყარდება, მითუმეტეს, თუ გაცვეთილ სახეებზე ექნებათ აქცენტი.
საშუალოვადიან პერსპექტივაში არ გამოვრიცხავ, რადგან ელექტორატი "ნაციონალებთან" გაყოფილია და ამაზე მეტი ვეღარ გაიყოფა, დღეს ისინი ანტიბიძინა, ანტიმიშას სივრცეში ტრიალებენ და მუშაობენ კრიტიკული, მაგრამ არა რადიკალურად კრიტიკული ამომრჩევლის მოზიდვაზე. ანუ მიშას ემიჯნებიან და ახალ მოკავშირეებს ეძებენ.
"ნაციონალური მოძრაობა" შიდა ინტრიგების პროცესშია, თუმცა არ მგონია, რომ საქმე განხეთქილებამდე მივიდეს. განხეთქილების მაღალი ეფექტი მაშინ იქნებოდა, "ნაცმოძრაობას" პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს მეტი მანდატებით შევიდეს მომავალ პარლამენტში.
ამ თვალსაზრისით, ლიდერებმა შეიძლება პრაგმატულად იმოქმედონ. თანაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერების დეფიციტია და დღევანდელმა ლიდერებმა იციან, რომ ახალ პარტიულ სიებშიც მოხვდებიან და პარლამენტშიც.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პიროვნულმა ფაქტორებმა იმოქმედოს და "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯგუფების გადაადგილება მოხდეს.
მიუხედავად მმართველი გუნდისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საზოგადოებაში არ არის ქუჩის აქციებისა და რევოლუციის განწყობა, ამიტომ, ვეჭვობ, რომ ასეთი ტიპის გამოსვლებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2003 წელს და ეფექტურად დასრულდა ორგანიზატორებისთვის, დღეს პერსპექტივა ჰქონდეს.