ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში იქადაგა.მეუფე გრიგოლმა ქრისტიანობის ფორმასა და შინაარსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელობაში ხშირად ხდება, რომ ადამიანი ტაძარში დადის და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად ღმერთზე უწინარეს აყენებს თავის ეგო-ს, „მე“-ს:
„დღევანდელობაში ჩვენ სულ უფრო წინა პლანზე ვხედავთ ეგოცენტრიზმისთვის დამახასიათებელ აზროვნებას; ადამიანი ღმერთსაც ახსენებს, ქრისტიანულ ტაძარშიც დადის და სანთელს ანთებს, პირჯვარს იწერს, მონაწილეობს სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რეალურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად ღმერთზე უწინარეს აყენებს თავის ეგო-ს, „მე“-ს.
შენი პიროვნებით ღმერთს რომ ანაცვლებ, სწორედ მაშინ რჩები ადამიანი მარტო; და რომ გგონია, შენი თავი იპოვე, სწორედ მაშინ კარგავ მას. აქ იწყება ადამიანური ტრაგიზმი, რადგან შენს თვალწინ წარმოდგება შენი უსუსურობა, შენი პირადი ადამიანური ძალების სისუსტე, რადგან სინამდვილეში უარს ამბობ და ემიჯნები იმ მადლიან ძალებს, იმ ენერგიის საოცარ წყაროს, რასაც ნამდვილი ღმერთი ჰქვია.
თქვენ იცით, რომ თუ ყალბი ფული შემოგაპარეს, იმით ვერაფერს შეიძენთ და შესაძლოა დიდ შარშიც გაეხვიოთ. ანუ ყალბი და ნაღდი ერთნაირად არ ფასობს (რაც გინდა იყოს ის). რწმენაშიც ასეა; ნაღდი არის ის, რაც თვით ღმერთმა გაგვიცხადა. ჩვენ გვსმენია ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბრძენთაგან, რომ ღმერთის შესახებ სიმართლე ისევ და ისევ მხოლოდ ღმერთს შეუძლია გამოგიცხადოს. მხოლოდ ეს იქნება სარწმუნო და დამაჯერებელი...
დღეს ჩვენი ქრისტიანობა განსაცდელშია, ეს არის სწორედ ის განსაცდელი, როდესაც ადამიანს მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ქრისტიანობის გარეგნულ ფორმაზე, და რეალურ ცხოვრებაში შინაარსს ნაკლებ ყურადღებას აქცევს; არადა, შენს ცხოვრებას, ქმედებას, გადაწყვეტილებებს, ოჯახურ ურთიერთობებს ცოლსა და ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს, უფროსსა და უმცროს თაობას შორის, თვით სამშობლოსთან მიმართებაშიც, განაპირობებს არა (მხოლოდ) ფორმა, არამედ შინაარსი; გაგიგიათ: „კოკასა შიგან რაც არის, იგივე გადმოდინდების“-ო. შინაარსი ქრისტიანობისა შენ გავალებს, რომ არა მხოლოდ შეიმოსო ქრისტიანული სიმბოლოებით, არამედ იცხოვრო ქრისტიანულად. მხოლოდ მაშინ დაეტყობა ეს კეთილად შენს გარემოს და მთელს ქვეყანას.“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.