ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას, რომელსაც ჯგუფურად, დათუნა სარალიძის მკვლელობა ედება ბრალად გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. კალანდიას ოჯახის წევრები მისი დაკავების ფაქტს პოლიტიკური მოტივაციით ხსნიან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ამ გახმაურებული საქმიდან ხელისუფლება კვლავაც საკუთარი სარგებლის მიღებას ცდილობს.
„ისე, როგორც არასდროს, მეფე შიშველია!.. ის, რომ მიხეილ კალანდაიას დაკავებით, სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა, ეს სამართლიანობაა. მაგრამ მიხეილ კალანდიას გულშემატკივრები რომ ამბობენ, ამაში პოლიტიკური მოტივაცია არისო, ესეც ხომ სამართლიანობაა? ანუ, ქვეყანაში, სადაც მეფე შიშველია და ეს ტიტლიკანა ბიძინა ივანიშვილია, სამართლიანობაც, პოლიტიკური მოტივაციაც და „ვიგოდაც“ მხოლოდ და მხოლოდ მასზეა მორგებული“ - წერს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია არასანდო მოწმედ მიიჩნია.
ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდია მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა , თუმცა გავლენიანი ახლობლების გამო, ის მართლმსაჯულებას თავს არიდებდა. საქმის სამართლიანად გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, ზაზა სარალიძე რამდენიმე თვე საპროტესტო აქციებს მართავდა.