შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„საქმის სიყვარულში იბადება ნიჭი!“ - ახალციხელ შემოქმედთა ნაკეთობები [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2019
ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში გამოყენებითი ხელოვნების კურსი შარშან გაიხსნა. აქ, ოსტატ ბაქარ გიგოლაშვილთან ერთად, ადგილობრივები ხით, ქვით, ლითონითა და სხვა მასალით მხატვრულ დამუშავებასა და რესტავრაციას სწავლობენ.„ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ამ პროფესიას ვეუფლებოდი. 2004 წლიდან კი, საკუთარი პატარა სახელოსნო მქონდა, სხვადასხვა სუვენირებს ვამზადებდი. რაც ზრდასრულთა განათლების ცენტრში დავიწყე მუშაობა, უკვე შემიძლია ნებისმიერ მსურველს გავუზიარო საკუთარი ცოდნა“.მხატვრული დამუშავების შესწავლა ბაქარის სახელოსნოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამთვიანი კურსი 30 ლარი ღირს. ზოგჯერ კი სწავლას ზრდასრულთა განათლების ცენტრი აფინანსებს.შალვა, კიმი, ნიკა და ირაკლი რამდენიმე თვეა ზრდასრულთა განათლების ცენტრში სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ და აქვე იღებენ განათლებასაც: „ ვინც ჩემთან სწავლობს, ვეკითხები, რის გაკეთება უნდათ. მე რომ სავარცხელის გაკეთება ვთხოვო, იმას არ გამოუვა. აკეთებს, რაც უყვარს და ამაში ვეხმარები. მერე სურვილი უჩნდება, რო სხვა რამე გააკეთოს. მეც, ამდენი წლის მიუხედავად, დღესაც ყოველდღიურად ვსწავლობ. ალბათ, ამოუწურავია შემოქმედება და კიდევ იმიტომ, რომ ვინც აქ ვართ, ამის კეთება ძალიან გვიყვარს“, - გვიყვება ბაქარი.25 წლის შალვა თამაზაშვილს ხეზე კვეთა პატარაობიდან სიამოვნებდა, თუმცა მის პროფესიად ქცევაზე არ უფიქრია. ამიტომ წლების წინ საჯარო სამსახურში დასაქმდა და შემოქმედებას თანდათან ჩამოშორდა: „ასე, ხუთი თვის წინ გავიცანი ბაქარი, დავინტერესდი და აქაურობამ დამანახა, რომ ეს იყო, რაც მინდოდა. ჩემი აქ მოსვლა და სამსახურის დატოვება ერთ დღეს მოხდა. ახლა ბედნიერი ვარ, რადგან მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ცხოვრებაში რაღაცის შექმნა მიყვარს“.კიმი პაპიძემ და ნიკა ჩხიკვაძემ სახელოსნოს შესახებ შემთხვევით, მეგობრისგან გაიგეს. ნიკას, ხეზე მეტად, რკინის დამუშავება მოსწონს. კიმი 24 წლისაა, ხეზე სახლშიც მუშაობდა, თუმცა აქ უკეთესი გარემო დამხვდაო, ამბობს: „ძირითადად ძვალზე და ხეზე ვმუშაობ. სანათები, შანდლები, ჩიბუხები, ზარდახშები და კიდე ბევრი რამ დავამზადე აქ. ყველას ვურჩევ მოსვლას.“ქალაქში არაერთი ახალგაზრდაა, რომელიც, საზოგადო თუ პირადი მიზეზების გამო, უსაქმოდაა. ბაქარი ამბობს, რომ მათი სახელოსნოს კარი ნებისმიერი სქესის და ასაკის ადამიანისთვისაა ღია, ვისაც შემოქმედება აინტერესებს და სწავლის სურვილი აქვს.„მეც ვიდექი ბირჟაზე, რაღაცას ვაკეთებდით, მარა არაფერს ვქმნიდით. მერე ეტყობა, ცხოვრების პერიოდია, ამ საქმეს მოვკიდე ხელი და თავისით გადაიქცა პროფესიად. თუ ძალდატანებით აკეთებ, თუ არ გიყვარს, არ გამოგივა. მერე ნიჭს აბრალებენ. საქმის სიყვარულში იბადება ნიჭი! ყველა ადამიანს რაღაცის კეთება შეუძლია!“.[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია