სამცხე-ჯავახეთი
‘ჰაერისთვის არაფერი დაგვიწესონ, ამას ვინ ჩივის’, – აბასთუმანში პარკინგისთვის ნაკვეთები იყიდეს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
20 ივნისი 2019
იმ ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილებისათვის პარკინგი უნდა მოეწყოს, სოფელ აბასთუმნის მკვიდრის, ნოდარ ულარჯიშვილის ორი ნაკვეთი მოხვდა. მას ამ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, ლობიო, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული მოჰყავდა და მისი ერთადერთი შემოსავალიც სწორედ ეს იყო.ნოდარ ულარჯიშვილი გვეუბნება, რომ მდინარე ახლოს არის, ამიტომ ტერიტორია ირწყვებოდა და შემოსავალიც კარგი ჰქონდა: „ახლა ერთი ნაკვეთი დამრჩა და ისიც, ისეთ ადგილზე, სადაც წყალი საერთოდ არ უდგება. გინდ დათესე რამე, გინდ – არა, აზრი უკვე აღარ აქვს. სახელმწიფომაც ხომ უნდა იფიქროს ჩვენზე, რომ ისეთი ტერიტორიები არ ამოიჩემონ, სადაც ნაყოფიერი მიწები გვაქვს“.ამ ტერიტორიაზე რომ პარკინგი უნდა მოწყობილიყო, ადგილობრივებთან მოლაპარაკება, დამკვეთმა, მუნიციპალური განვითრების ფონდმა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწყო. ადგილობრივები ამ პერიოდიდანვე გააფრთხილა, რომ ნაკვეთები არ უნდა დაეთესათ, რადგან სამუშაოები დაიწყებოდა. ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაცია, ერთ კვადრატულ მეტრზე, ადგილობრივებს 12 ლარი ჩაერიცხათ, რაც მათი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.„თანხა ცოტაა, მაგრამ დავთანხმდით, რადგან უმეტესობა თანახმა იყო ნაკვეთების გაყიდვის. აქ მაინც შენობები ჩაიდგმებოდა და ან როგორ მოვრწყავდი, ან რა მოსავალი უნდა მომსვლოდა?! ავდექი და მეც დავუთმე“,–გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი, რომლის ორი ნაკვეთი მოხვდა საპარკინგე ტერიტორიაზე.ნაკვეთის გაყიდვა არ უნდოდა მარინა დემეტრაძესაც. თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორიაზე უკვე გადაწყეტილი იყო პარკინგის მშენებლობა და ნაკვეთების გაყიდვას თანასოფლელებიც დათანხმდნენ, მანაც უარი არ თქვა: „შეგვითანხმდნენ, რომ ტერიტორია პარკინგისთვის უნდოდათ, დავთანხმდით და თანხა დაგვირიცხეს. რაც თვითონ შემოგვთავაზეს, იმის მეტი არაფერი ვიცი. თანხა საკმარისი კი არ არის, მაგრამ, ჰაერისთვის არაფერი დაგვიწესონ, ამას ვინ ჩივის“.იმ ტერიტორიაზე, სადაც პარკინგი უნდა მოეწყოს, ადგილობრივების ნაკვეთებთან ერთად, მოხვდა სოფლის სტადიონიც. აბასთუმნელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ეს სოფლის ერთადერთი გასართობი იყო: „დააკვირდით, გაცვეთილია იქაურობა, მთელი ახალგაზრდობა იქ ვართ. ახლა აღარც ეგ გვექნება. ადრე ლაპარაკობდნენ, რომ ახალი უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ჯერ ახალ სტადიონს ვერ ვხედავთ“.ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სტადიონი, რომელიც პარკინგის ტერიტორიაზე მოხვდა, სოფლის მოსახლეობამ თავად მოაწყო და მუნიციპალიტეტს არ გაუკეთებია, თუმცა თვითმმართველობა აბასთუმნელებს ახალ სტადიონს გაუკეთებს.„ეს არაოფიციალური სტადიონია, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები ერთობოდნენ, თან ახლოს მდინარეა და მოუხერხებელი ადგილი იყო. ჩვენ, უკვე პროექტი გვაქვს და მალე ტენდერზე დავდებთ. აბასთუმნელებს ახალ სტადიონს გავუკეთებთ სხვა ადგილზე“,–გვითხრა ზაქარია ენდელაძემ.1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი, იმ ტერიტორიაზე მოეწყობა, რომლის მიმდებარედ ადგილობრივები ცხოვრობენ. ამიტომ მათი თქმით, ერთ–ერთი პრობლემა მანქანების გამონაბოლქვი იქნება, რომელიც სახლებში შევა და ფიქრობენ, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.„ესე, აღარც სოფლელები ვიქნებით და არც ქალაქელებად ჩავითვლებით. ყველაზე ცუდი ადგილი აქ იქნება, მილიონი მანქანა რომ დადგება და გამონაბოლქვი იქნება, აქ ვინღა უნდა გაჩერდეს“,–გვეუბნება ნოდარ ულარჯიშვილი. ადგილი, სადაც პარკინგი უნდა გაკეთდესაბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად ტენდერი მუნიციპალური განვითრების ფონდმა ორჯერ გამოცხადა. პირველად მაისში, რა დროსაც კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა, ავტოსადგომის პროექტირებისა და მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზი დაუდგინდა და დისკვალიფიკაცია მიეცა. მეორედ კი ივნისსში გამოცხადდა, განაცხადების მიღება დასრულებულია. ამ ეტაპზე კომპანიის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტოსადგომი თვითონვე უნდა დააპროექტოს, შემდეგ კი 4.2 ჰექტარზე მშენებლობა დაიწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას. პარკინგის მშენებლობაზე ცხრა მილიონ ლარამდე დაიხარჯება.ტენდერის გამოცხადებას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში, ამ დროიდან დაწყებული, პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]