ბოლნისის საპატიო მოქალაქეები მუდმივმოქმედმა საბჭომ განიხილა და შეარჩია. მიმდინარე წელს 7 საპატიო მოქალაქე დასახელდა, რომლებსაც დიპლომები, მედალიონები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გადაცემის ცერემონიალში უშუალოდ ჩაერთნენ როგორც ერის მამები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
მამა ბესარიონი
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ყველასათვის საყვარელ სულიერ მამას, სიონის უძველესი ტაძრის ამღორძინებელს დეკანოზ ბესარიონს (ერისკაცობაში ივანე სულხანის ძე სულხანიშვილს). 1991 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მას მიენიჭა დეკანოზის ხარისხი, 1992 წელს კი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II დააჯილდოვა ,,მსოფლიო საპატრიარქოს დამშვენებული ჯვრით“. 1996 წელს ასევე მიენიჭა მიტრის ფლობის უფლება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მამა ბესარიონი 1989 წლიდან დღემდე მსახურობს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში.
მამა ბასილი
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბოლნისის აკაურთის-სიონის ტაძრის მოძღვარს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს, აკადემიკოსს დეკანოზ ბასილ (ერისკაცობაში გიზო) ახვლედიანს.
2008 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისა და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით მოხდა მისი მღვდლად ხელდასხმა, ერთი წლის შემდეგ იგი აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. ამავე წელს მან დაიცვა სადოქტორო და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი წინამძღოლობითა და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით მოხდა ბოლნისის ყორანთის წმ. გიორგის სახელობის და აკაურთის სიონის ტაძრის აღდგენა. მამა ბასილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქალთა ანსამბლი ,,ბოლნელა“.
მისივე ინიციატივით დაარსდა საქველმოქმედო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ფონდი, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან და ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს – ყველაფერი ბოლნისისა და ბოლნისელებისათვის.
2015 წელს ბოლნისსა და ბოლნისელებს, მათ უზომო სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხა და ულამაზესი ჰიმნი მიუძღვნა, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორიც თავადაა. 2017 წელს მამა ბასილის მელოდიაზე შეიქმნა ჰიმნი, რომელიც პირველი საჯარო სკოლის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მამა ბასილი გახლავთ ეკონომიკის აკადემიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სამეცნიერო მკვლევარი, კომპოზიტორი.
ლეილა ალადაშვილი
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბოლნისის №5 საჯარო სკოლის პედაგოგს ქალბატონ ლეილა ალადაშვილს. ქალბატონმა ლეილა ალადაშვილმა 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა ახალი ტიპის სასწავლებელს(დღევანდელი №5 საჯარო სკოლა), რომელმაც რაიონში ძალიან მალე მოიპოვა ავტორიტეტი. იგი 18 წელი იყო მის მიერ დაარსებული სკოლის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია. ქალბატონი ლეილა ალადაშვილი პედაგოგიური მოღვაწეობისა და რაიონში მიმდინარე აღმშენებლობის საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, რაიონის ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვს არაერთი მადლობა და სიგელი.
ელზა გვერწითელი-ჩაგელიშვილი
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა რაჭისუბნის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ყველასათვის საყვარელ და მისაბაძ პიროვნებას, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ ელზა გვერწითელ-ჩაგელიშვილს. ქალბატონ ელზას მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები: ,,წარმატებული მასწავლებელი“, ,,სახალხო განათლების წარჩინებული“, მედალი ,,შრომითი მამაცობისათვის“. მან არაერთი ღირსეული თაობა გაუზარდა ბოლნისის რაიონს.
შოთა ჯაფარიძე
ბოლნისის საპატი მოქალაქის წოდება მიენიჭა მსოფლიო რანგის ოტოლარინგოლოგს, ბატონ შოთა ჯაფარიძეს. ბატონი შოთა 17 წელი მუშაობდა ბოლნისის რაიონულ საავადმყოფოში. ის გახლავთ 57 სამეცნიერო შრომის, 4 გამოგონებისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. იგი არის ამერიკის ოტორინოლარინგოლოგიის თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის საერთაშორისო წევრი, ევროპის ოტოლოგი და ოტონევროლოგთა აკადემიის რეგიონალური მდივანი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, არის
საქართველოს სახელმწიფო პრემისი, ღირსების ორდენისა და უამრავი ჯილდოს მფლობელი. და ბოლოს, ბატონი შოთა ყველასათვის და განსაკუთრებით ბოლნისელებისათვის საყვარელი და საიმედო ექიმია.
ემილი კოპალიანი
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ჩვენი ქალაქის მკვიდრს და ღირსეულ წარმომადგენელს ბატონ ემილი კოპალიანს. გაგაცნობთ ბატონი ემილის ლეგალიებს: იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, აკადემიური დოქტორი, ისტორიის აკადემიური კათედრის გამგე, უნივერსიტეტის სწავლული მდივანი, აკადემიური საბჭოს მდივანი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური და სადისერტაციო საბჭოების მდივანი და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების უფროსი.
ის გახლავთ 50 -მდე სამეცნიერო მონოგრაფიისა და სხვადასხვა სალექციო კურსის პროგრამის რექტორი. ბატონი ემილი კოპალიანი ყველასათვის საამაყო ბოლნისელია.
მიშა გაბიძაშვილი
ბოლნისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა ბოლნისის თეატრის რეჟისორ,მსახიობს,ლოტბარს,კულტურის მუშაკს,რესპუბლიკური,საკავშირო და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატს–––კულტურის დამსახურებულ მუშაკი ბატონ მიხეილ გაბიძაშვილს.
1952–1989 წლების ბოლნისი წარმოუდგენელია ამ ადამიანის გარეშე. მის დადგმულ სპექტაკლებს და მის შესრულებულ როლებს აღფრთოვანებაში მოჰყავდა ამ სფეროს სპეციალისტები და მაყურებელი.
1967 წელი უდაოდ იყო მიხეილ გაბიძაშვილის წარმატების გვირგვინი. პ.კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ იყო წარდგენილი რესპუბლიკურ და საკავშირო ფესტივალზე–თბილისში კ.მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრისა და მოსკოვის დიდი თეატრის(კრემლის ) სცენაზე,სადაც ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ თეატრმა პირველად მოიპოვა რესპუბლიკისა და საკავშირო ფესტივალების ლაურეატობის წოდება,ოქროს მედალი და ფასიანი საჩუქარი.რეჟისორი გაბიძაშვილი დაჯილდოვდა რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალის საპატიო წოდებით,ოქროს მედლით და მიენიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.
ბატონი მიხეილი ბევრ ახალგაზრდას დაუდგა გზამკვლევად და აზიარა თეატრალური ხელოვნების მშვენიერ სამყაროს.