შიდა ქართლი
სოფელი ცხავერი - სადაც 70-ზე მეტი სახლი მიტოვებულია
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
01 ივლისი 2019
ცხავერში მუდმივად 5 ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ,
15 ოჯახი სარგებლობდა მუდმივი მაცხოვრებლების სტატუსით. სოფელში 70-ზე
მეტი სახლი სიძველისგან დანგრეულია.
სოფლის ქუჩებში სიჩუმეს ფრინველთა ჭიკჭიკი არღვევს. შორიდან ონკანიდან
მოშვებული წყაროს წყლის ჩხრიალი ისმის.
ერთ-ერთ ჭიშკართან ნინა გაზაშვილი შევნიშნეთ. ის ეზოში ხელსაქმობდა.
გვთხოვა, რომ ჩრდილისკენ მივსულიყავით - მზეზე არ შემიძლია ყოფნაო. ის
სოფელში შვილთან, უნარა ჯინიყაშვილთან ერთად ცხოვრობს:
,,მინდორში იყო დილით, ახლა მოვიდა და დაიძინა. თუ რამ გაინტერესებთ,
მე მითხარით" - გვითხრა ქალბატონმა ნინამ.
ვკითხეთ, ამდენი სახლი რატომაა დაცარიელებული? ნინა გაზაშვილმა
გვიპასუხა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისში
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, წავიდა, ძირითადად, ჩრდილოეთ
ოსეთში:
,,ჩვენც გვინდოდა წასვლა, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ იყო, ვერ წავედით"
- ამბობს ნინა გაზაშვილი.
საუბრის დროს შემოგვიერთდა მისი შვილი - უნარა ჯინიყაშვილი. ამბობს,
რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოს ტერიტორიაზე
ცხოვრობს - ,,კი, წავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ ბევრნი არ
წასულან. ნაწილი ცხოვრობს თბილისში, რუსთავში, კასპში. ასევე, აქვე
ჩვენს დაბლა სოფელ - ახალქალაქში. მთა აღარავის უნდა. სადაც კარგი
ცხოვრებაა, იქ უნდათ" - ამბობს უნარა ჯინიყაშვილი.
ცხავერამდე მისასვლელი გზა 2017 წელს გააკეთეს, ძირითადად, მოხრეშეს,
მაგრამ 2-წლის შემდეგ, მოხრეშილი გზა ისევ დახრამულია ბევრ
ადგილზე.
,,ცოტა ხნის წინ რომ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, სულ ჩარეცხა გზა. კი
გააკეთეს, მაგრამ ისევ დაზიანდა. ახლა, ვიღა გააკეთებს" - ნინა
გაზაშვილი.
ის სოფელ ფელში, გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა. იხსენებს, რომ
ცხავერში, მთა-მთა ცხენით ჩაიყვანეს: ,,მომიტაცეს ცხენით და ისე
ჩამომიყვანეს. მაშინ 17-წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე 20-წლის იყო. ჩემი
სოფელი საერთოდ აღარ არსებობს. ფელში ძირითადად გაზაშვილები
ცხოვრობდნენ.