ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც პარლამენტთან პროტესტის ნიშნად შიმშილობს, მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, მხარი დაუჭირონ საპროტესტო აქციას და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვონ.
ბასილაიას თქმით, თუ საზოგადოება არ ივაჟკაცებს, ხვალ გიორგი გახარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ჩაეხუტება და მისი გაჰუმანურება დაიწყება.
“მნიშვნელოვანია ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ რუსებს არ უნდა ვათქმევინოთ, რომ ქართველები არის ხალხი, რომლებიც რაღაცას დაიწყებენ და ჩერდებიან. რუსებს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია რუსების მიერ, გახარია არის რუსების კაცი.
მინდა ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, ვთხოვო, მოდით რუსთაველის გამზირზე. არ უნდა დავიზაროთ. ის საქმე რაც დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ, ბოლომდეა დასაგვირგვინებელი. ამ საქმით მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნა მიღწეული, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის. აქ უნდა ვიყოთ იმ ხალხისთვის. ვინც თვალი დაკარგა და ბოლომდე იბრძვის.
მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, მოვიდეთ რუსთაველის გამზირზე, ისტორიული პროცესია და ამ პროცესს სჭირდება ბოლომდე მიყვანა. გახარია უნდა გადავაყენოთ. ახლა თუ ვიპასიურეთ… ხომ ნახეთ, დღეს კობახიძე(ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე), რომელიც არის უსამარცხვინოესი პერსონაჟი, აგენტიც კი არ არის – წუმპე! გამოაჩინეს! ასე შემოგვაპარებენ…
გახარია ხვალ პატრიარქს ჩაეხუტება, ზეგ ფოტოები გაჩნდება და მისი გაჰუმანურების პროცესი წავა, თუ ჩვენ არ ვივაჟკაცეთ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ “კურიერთან”.