გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ჩოხა-ახალუხივით, სისხლიანი ჯალათის სახელი მოირგო “ - როსტომ ჩხეიძე გახარიაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივლისი 2019

მწერალი როსტომ ჩხეიძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შს მინისტრ გიორგი გახარიას „აბსურდული დრამის ოიდიპოსს“ უწოდებს.

„პასუხისმგებლობასაც ვკისრულობ 20 ივნისის ღამეზე, სისხლიანი ჯალათის სახელსა და ტვირთსაც ვატარებ, გადადგომით კი არ გადავდგებიო, განაცხადებდა გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრობამდე ბიზნეს-რეკეტიორი, ამ განცხადებით აბსურდული დრამის პერსონაჟს რომ გაუიგივდა, თორემ დამსგავსებით კარგა ხანია დამსგავსებია.

გადადგომას რატომ არ აპირებს?

- მე თვითონ უნდა გამოვიძიო, რაც იმ ღამეს მოხდაო...

თავისი დანაშაული თვითონვე რომ გამოეძიოს და შესაფერისი სასჯელიც გამოეტანოს, კაცობრიობამ ასეთი მხოლოდ ოიდიპოსი იცის, და ისიც... სოფოკლეს ტრაგედიის პერსონაჟი, თორემ მისმა პროტოტიპმა ოიდიპოსმა ვერ გაბედა სასჯელის შეფარდება საკუთარი თავისათვის.

სოფოკლე ყოფითი რეალობის მხატვრული გადასხვაფერებით წარმოსახავდა იდეალს: თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.

ყოფითი რეალობის ოიდიპოსი ნიმუშია იმისა, თუ როგორია ადამიანი.

ხოლო ბ-ნი გახარია ტიპური გამოხატულებაა იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს კაცი - ადამიანი!

კაცს ისიც კი ვერ გაურკვევია, ვინ გასცა გულანთებული მოსახლეობის, უმეტესად მაინც ახალგაზრდობის უმოწყალოდ დარბევის ბრძანება და... გამოძიებას გვპირდება.

არადა : ან თვითონვეა ბრძანების გამცემი.

ანდა მბრძანებელი და მწყალობელი მისი - ბიძინა ივანიშვილი.

ერთდროულად ვიცე - პრემიერის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და შს მინისტრის გონებამახვილური პასუხი არ გაინტერესებთ?

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გასცა ბრძანებაო!..

გრიგოლ ორბელიანმა, ალბათ, სწორედ ასეთ დროს იცოდა თქმა:

მოდი და ამ ვირს ეშხზე ელაპარაკეო!

სისხლიანი ჯალათის სახელიც მოირგო ჩოხა-ახალუხივით, პასუხისმგებლობასაც კისრულობს, მაგრამ... ვერ და არ ელევა ვერც მწყალობელი და ვერც ოცნებელებად სახელდებული გუნდი:

გახარიას გადადგომით სახელმწიფო ჩამოგვეშლებაო!..

სახელმწიფოსი მართლა რომ გაეგებოდეთ რამე, რაღა გვიჭირდა!..“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია