შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ატოცთან საოკუპაციო ხაზის შემოღობვის პროცესს თბილისი პროვოკაციად აფასებს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2018
სახელმწიფო მინისტრი სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟს ეხმაურება და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს. ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გამყოფი ხაზების აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკანონო პროცესი შეაჩეროს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებას, მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს. ,,ეს არის გაგრძელება იმ სავალალო პროცესის, რომელიც 2008 წლიდან ასეთი მახინჯი ფორმით ხორციელდება. საოკუპაციო ხაზის შემოღობვა სხვადასხვა ბარიკადით, რომელიც პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ღიად აცხადებენ, ძალიან თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ფაქტობრივად 80-90 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც აკავებს ეს მავთულხლართები და საოკუპაციო რეჟიმი, დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ძირითადად ისინი არიან ეთნიკური ოსები, რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება და მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელო არის საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები და მათი უფლებები. რამდენად არ აქვს მისთვის მნიშვნელობა იქნება ეს ქართველი, აფხაზი თუ ოსი. მას აქვს ერთი, სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი. რა თქმა უნდა აქვე იკითხება ის ინტერესიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან და ეს მორიგი პროვოკაცია განახორციელონ სწორედ იმისათვის, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე. ბუნებრივია ასეთი პროვოკაციებით რუსეთი ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც მას უნდა. ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება უკვე მიცემულია ამ კონკრეტულ ფაქტზე და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ რომ შეჩერდეს ამ მახინჯი მავთულხლართებისა და ბარიკადების მშენებლობა და უნდა დაიშალოს ბოლო სანტიმეტრამდე ყველა ის მახინჯი ბარიკადი რომელიც დღეს აშორიშორებს ხალხს და აღმართულია საქართველოს შუაგულში", - აღნიშნა ქეთავან ციხელაშვილმა. ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია „ხელი ხაზი“. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. სუს-ი უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია