სამცხე-ჯავახეთი
ნაძვის ხე ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე - რას ამბობენ ახალციხის მერიაში
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
02 ივლისი 2019
პირველ ივლისს, ახალციხის მერიამ, 15–მეტრიანი ნაძვის ხის შესაძენად, ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის 60 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოცულობით დიდი ზომის ნაძვის ხის შეძენა, მათ გასულ წლებში, სოციალურ ქსელში მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყვიტეს.ტენდერის ახალ წლამდე ექვსი თვით ადრე გამოცხადების მიზეზად კი ნაძვის ხის ღირებულებასა და შესყიდვის პროცედურის ვადებს ასახელებენ. „ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას აქვს გარკვეული სახის პროცედურები და ვადები. მუნიციპალიტეტი, ნაძვის ხესთან ერთად, ასევე მისი დიზაინისა და მორთულობის შესყიდვასაც აპირებს, რომლის მონტაჟი, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეკემბრის თვეში უნდა განხორციელდეს“, - განმარტავენ მერიაში. მათივე თქმით, თვითმმართველობის მიზანია, 2020 წელს ახალციხე ახალი ნაძვის ხითა და მორთულობით შეხვდეს: „ბაზრის კვლევის გათვალისწინებით, ამ პარამეტრების მქონე ნაძვის ხის შეძენა, გაცილებით იაფია ახლა, ვიდრე წინასაახალწლო პერიოდში“.სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ნაძვის ხეს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი, მწვანე ფერი; სიმაღლე – არანაკლებ 15 მეტრი, აგებულება – ექვსი ფენა. ტოტები უნდა იყოს წყალგამძლე და ცეცხლგამძლე; თითოეული ტოტი – არანაკლებ ორი სამაგრი წერტილით; გარე გამოყენების ტოტების სიგრძე – არანაკლებ 80სმ; დიამეტრი – არანაკლებ 6.5მ. დაშორება ძირიდან ტოტებამდე – არაუმეტეს 10სმ. ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 9 ივლისს დასრულდება. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]