თუ ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არ სჭირდება გადარეკვა და ნებართვა მინისტრისგან - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე გააკეთა. თალაკვაძემ 20 ივნისის აქციის დარბევაზე, ტვ "პირველის" ეთერში ისაუბრა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ვერ ხედავს შს მინისტრის გადადგომის საჭიროებას. თალაკვაძე გავრილოვის პარლამენტში ვიზიტზე საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა აიღო. რაც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომაში გამოიხატა.
გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა, არაერთხელ დაუსვა თალაკვაძეს კითხვა, ვინ გასცა ბრძანება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:
“ბრძანების თემა რომ ამოვწუროთ: მეც ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენი შვილიც [მარიამ გრიგოლია] მუშაობდა. ჩემი კოლეგა იყო და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ- როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, ეს ყველაფერი ბრძანებით წინასწარ არის გაწერილი, თუ რა დანაყოფები რა საპოლიციო მოქმედებებს გამოიყენებენ. ეს წინასწარ არის გაწერილი. ეს ერთი.
ახლა მეორე: როდესაც ადგილზე არის საუბარი ოპერატიულ მართვაზე, იქ, რეალურად, პოლიციელებს აქვთ წინასწარ შემუშავებული სცენარი, რომ თუ მათზე მოხდება თავდასხმა, თუ მათ დაემუქრებათ პირდაპირი საფრთხე, რაც იქ ჩანდა და ყველა დავრწმუნდით, პოლიციელებს დაემუქრათ პირდაპირი საფრთხე, ისინი ვალდებულნი არიან იმოქმედონ და ამას ზოგ შემთხვევაში ბრძანების მიცემაც არ სჭირდება”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე - არის თუ არა ალბათობა იმის, რომ სპეცრაზმელებმა ბრძანების გარეშე გადაწყვიტეს აქციის დარბევა, თალაკვაძე პასუხობს:
“როდესაც პოლიციელს უახლოვდება ადამიანი, სხვა სტანდარტულ სიტუაციაში და, ვთქვათ, ხელში უჭირავს დანა, პისტოლეტი ან რაღაც ნივთი, რომელიც პირდაპირ საფრთხეზე მიანიშნებს, პოლიციელი იქ მოქმედებს პირდაპირ. ეს ასე არის ყველა დასავლურ სახელმწიფოში, მას არ სჭირდება გადარეკვა მინისტრთან, ეს ადამიანი მემუქრება და ვიმოქმედო თუ არა”.