სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ერთ–ერთი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ თანაკლასელი დედის შეგინების გამო სცემა. მომხდარს სკოლის ადმინისტრაცია და მანდატურის სამსახური უარყოფს. უფლებადამცველები კი ფაქტის დაუყოვნებლივ შესწავლაზე საუბრობენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2018
მეხუთე კლასელი გიორგის მტკიცებით, თანაკლასელ ლუკას (სტატიაში მოსწავლეების სახელები და გვარები შეცვლილია) ხელოვნების გაკვეთილზე დაწყებული კამათის გამო დაარტყა.„შუტკა" ჩაგიკეტეო, ეს დედის შეგინებას ნიშნავს. ბოდიში მომიხადე–მეთქი, მაგრამ არ მომიხადა, მოვიდა ხელი მკრა და მეც მუცელში ჩავარტყი. მერე გარეთ გავედით და იქ დავარტყი. მეტი არაფერი ყოფილა, იმან ტირილი დაიწყო და მასწავლებელს უთხრა“, – გვიყვება მეხუთე კლასის მოსწავლე. კლასის დამრიგებელი ამბობს, „ასეთი კამათი ყველა კლასში ხდება. საგაზეთო აქ არაფერი არ არის! გიორგი რთული ბავშვია, ამიტომ ყველა, დირექტორიც, მეც და მანდატურიც ვცდილობთ, რომ როგორმე გამოვასწოროთ. ცუდი სიტყვები უძახებიათ ერთმანეთისთვის, მე რომ მივედი, იქ არავინ ტიროდა, მშვენივრად შევარიგე, მერე გაკვეთილი დაიწყო და წავედი. დირექტორიც იქ იყო და მორიგეც“. გიორგის და ლუკას მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში მომხდარის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.„ჩემი შვილი, რომ ეცემათ აუცილებლად გავიგებდი. ყველდღე როცა მოდის ვეკითხები სკოლაში რა ხდება–მეთქი, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, მასწავლებელი დამირეკავდა და გამაგებინებდა. ადრე გიორგის, ჩემი შვილისთვის ტანსაცმელზე დაუცინია, მაგრამ ეს რომ გავიგე, ყურადღება არ მივაქციე, ადრეც ხდებოდა ბავშვებში ასეთი რამ“.ცემის ფაქტს უარყოფს ლუკაც: „მე არავის ვუცემივარ. არც ადრე და არც ახლა“. ბავშვი, რომ ცელქია ამაზე გიორგის დედაც საუბრობს: "ჩემს შვილს არაფერი უთქვამს ჩხუბის შესახებ, ეს ამბავი პირველად მესმის თქვენგან. ჩემი შვილი ცელქია, მაგრამ უყვარს სიმართლე. ადრე იყო ერთი შემთხვევა ერთ ბიჭს დაარტყა, რომ ვკითხე რატომ დაარტყი–მეთქი, მითხრა კლასელს ახრჩობდა და ვუშველეო. არ მინდა ამ თემაზე დაიწეროს, ბავშვებს შორის კამათი ყოველთვის ხდება“.მანდატური, რომელიც იმ დღეს სკოლაში მორიგეობდა ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის ჩხუბი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემხვევაში ის აუცილებლად გაიგებდა: „როცა არაფერი არ ხდება ასეთ პანიკებს რატომ თესავენ არ ვიცი. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“, – ამბობს მანდატური. მომხდარს არ ადასტურებს სკოლის დირექტორი: „არ მომხდარა მსგავსი რამ. ჩხუბზე აუცილებლად ვიძახებ პოლიციას. მანდატურის სამსახური ამას არ დამალავს, მე დასამალი არაფერი მაქვს“.არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში ორივე ბავშვი დაზარალებულია, საკითხის შესწავლაში კი აუცილებლად უნდა ჩაერთოს სკოლის ადმინისტრაცია, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.„ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ზრდასრული ადამიანები ვერ იაზრებენ ბულინგის მნიშვნელობას. ხშირად ბულინგი გადაიზრდება მძიმე ფორმის აგრესიასა და ძალადობაში. ორივე ბავშვს სჭირდება დახმარება. ბულინგი არ არის ერთჯერადი და ის არის განმეორებადი ქცევა, ამიტომ თუ ჩარევა არ მოხდება, შესაძლებელია ამან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, – ამბობს ანა არგანაშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბულინგი ყველა სკოლაში და კლასში ხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნორმად იქნეს მიჩნეული და შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვეს: „ჩარევა იწყება მისი პრევენციით, საგანმანათლებლო სპეციალური კურსებია ბავშვებს შორის, შეიძლება ურთიერთმხარდაჭერის წრის ჩამოყალიბებაც, ასევე მასწავლებლების და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. ის რომ ყურადღება არ მიიქციონ და არაფერი გააკეთონ ეს უკვე კანონის დარღვევაა“.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია