შეკვეთილში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტეს და რეზიდენციასთან ახალი ჯებირები აღმართეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესებს არ იცავს და პირიქით, ჩართულები არიან ბარიერების მოწყობაში.
„გუშინ უკვე გააღრმავა ეს თხრილი, კიდევ ფიქრობს, რომ ამ თხრილს ვერ გადავალთ და მინდა ვუთხრა, რომ გადავალთ ამ ღრმა თხილს, შემდეგ სამაშველო სამსახური გადმოიყვანეს, გააკეთეს ბამბუკებისგან ხელოვნურად ღობე და ქმნის ათასნაირ ბარიერს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ იძინოს მშვიდად. მე მას მინდა, ვუთხრა, რომ ბულგარეთამდე რომ შეღობოს ზღვა, ზღვას გადავცურავთ, მივალთ მის ფანჯარასთან და ვეტყვით, რომ გახარიას ჩაკიდოს ხელი და დატოვოს საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მამუკა კომახიძემ.
აქციის ორგანიზატორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესო ქათამაძე თქმით, ხელოვნური ბარიერები სამართალდამცავების დახმარებით მოეწყო.
„ფიქრობს ოლიგარქი და მის დაქვემდებარებაში, მსახურებაში არსებული პოლიციური, მერიის, გარემოს დაცვის და სახელმწიფო უწყებები, რომლებიც კანონგარეშე ქმედებებს ჩადიან და ერთი კაცის მსახურებაში არიან გადასული, ფიქრობენ, რომ თუ გადათხრიან, თუ ჩახერგავენ, თუ რაღაც საინჟინრო დაბრკოლებებს მოაწყობენ, ჩვენ პროტესტს შევწყვეტთ,“ - განაცხადა ქათამაძემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პერმანენტული აქციები გაგრძელდება. ისინი უკვე ერთი თვეა, ითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის მოწყობის გამო გადადგეს შს მინისტრი. ისინი ასევე, აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.